“დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი საქართველოს პოლიციის განვითარების შეუქცევადი, სრულიად ახალი ეტაპი იქნება”

უპრეცედენტო პროექტი მთელს რეგიონში, – ასე შეაფასა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით აღნიშნა პოლიციელების როლი, რომელთა გმირობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მშვიდი ცხოვრება და საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ძილი.

“ქედს ვიხრი ყველა თქვენგანის გმირობის წინაშე”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პოლიციელებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცენტრის შექმნის პროცესში, რომელიც პოლიციის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, ერთგვარი სტარტაპი იქნება, სახელმწიფომ დეტალურად შეისწავლა განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და შეეცადა, კონცეფცია, საქართველოს რეალობისთვის, რაც შეიძლება მეტად მოერგო.

„ეს ცენტრი გახდება პოლიციაში არსებული ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელმაც უნდა მართოს ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის ერთიანი სისტემა, გააერთიანოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ბაზები და განახორციელოს საპოლიციო ანალიტიკა რეალურ დროში, ანალიტიკური მომსახურება მიაწოდოს ქუჩაში მყოფ პატრულ-ინსპექტორებსა და გამომძიებლებს, განახორციელოს პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის ერთიანი მართვა მასშტაბური ღონისძიებების დროს. ცენტრის გახსნით, ჩვენ ვიწყებთ მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწრაფი რეფორმების განხორციელებას, რომელმაც უნდა შეცვალოს ქვეყანაში საპოლიციო საქმიანობის მეთოდოლოგია, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ყოველთვის კარგად მომზადებული შევხვდეთ გამოწვევებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიების გამოყენებამ, მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში, დანაშაული მნიშვნელოვნად შეამცირა.

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ცენტრის მეშვეობით, საქართველოში დანაშაული 20-30%-ით შემცირდება, ასევე იკლებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და დარეგულირდება საგზაო მოძრაობა.

პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის საშუალებით, საქართველო ჩაერთვება უსაფრთხოების ერთიან გლობალურ სისტემაში, გახდება საერთაშორისო მოკავშირე ტერორიზმთან, ნარკოტიკებთან და ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში.

ცენტრის გახსნასთან ერთად, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმის საპილოტე პროექტიც იწყება. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ის წარმატებით განხორციელდება.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ამუშავებით, საქართველოს პოლიციის განვითარების შეუქცევადი, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. ამ პროექტის მეშვეობით, ჩვენ მივაღწევთ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, რაც ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო გაუზრდის დაცულობის განცდას. მჯერა, ჩვენ გვეყოლება 21-ე საუკუნის პოლიცია და ის იქნება მოწინავე რეგიონში. ასევე, ამ პროექტის მეშვეობით, რა თქმ აუნდა, მნიშვნელოვნად გაიზრდება თვითონ პოლიციელის დაცულობის ხარისხიც “, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ახლად გახსნილი ცენტრი დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: დამაფიქრებელია ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მასშტაბური ინტერვენციები