(მესამე ნაწილი) დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!„თაიმერი“ აგრძელებს სკანდალურ ინტერვიუს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილთან. ინტერვიუ ეხება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს.

_ ახლა ასეთი სიტუაციაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შემოსასვლელში ერთი „საწოლია“ გაშლილი და ერთი სკამი დგას. ეს ერთი „საწოლი“ ვინმე ფირან კობიაშვილს ეკუთვნის და ის ერთი სკამი სავარაუდოდ, ასევე, ვინმე დავით წიქარიშვილს. შეგახსენებთ, რომ ისინი, როგორც დავით წიქარიშვილი ამბობს, ახლო ნათესავები არიან და ე.წ. აქციის დასაწყისში წიქარიშვილი ჩემთან არც ფარავდა, რომ ის მანამ „იბრძოლებს“, ვიდრე ფირანს არ დაასაქმებს ფრანგიშვილი. არც ერთ მათგანს – არც ფირანიშვილს და არც წიქარიშვილს –  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არაფერი აკავშირებთ. გუშინ ვინმე ფირან კობიაშვილმა „მაესტროს“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ თურმე მას, ფირანს, „ბრძოლა“ ჯერ კიდევ  2012 წელს (!) დაუწყია. ეს ის დროა, როცა დარეჯან მეფარიშვილი (რატომღაც მხოლოდ მე „მებრძვის“ ამ ეტაპზე) ტექნიკურ უნივერსიტეტში არ არსებობდაო. ანუ მე რომ ახლა „ვარსებობ“, სიმართლის თქმის უფლება მაინც არა მაქვს და ფირანი რომ 2012 წელს „არსებობდა“, დღეს შეუძლია „იბრძოლოს“, მეტიც, თქვას მორიგი ტყუილი, ისე, რომ არც კი გაწითლდეს! ცნობისთვის: ფირან კობიაშვილი 2012 წლის 20 სექტემბერს მიიღეს უნივერსიტეტში მასწავლებლად (ბრძანება N899/03) და ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის 3 სექტემბერს გაუვიდა. უნივერსიტეტმა აღარ გაუგრძელა ვადა კობიაშვილს. ახლა მე რომ დღის წესრიგში დავაყენო ლეგიტიმური საკითხი – შეამოწმონ ფირან კობიაშვილის ჯანმრთელობის და მათ შორის ფსიქიკური მდგომარეობა, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნება ვინმესთვის? ხაზგასმით ვამბობ: ფირან კობიაშვილი  ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე უფროსი მასწავლებლის თანამდებობას იკავებდა. 2013 აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მან შეიტანა განაცხადი ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე, სადაც ორი კონკურენტი ჰყავდა. ვერ გაიმარჯვა კონკურსში და ამის შემდეგ აღარ არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი!

_ რატომ აღარ გაუგრძელეს მას ხელშეკრულება?

_ ბევრი მიზეზი იყო, მე ერთ-ერთს გეტყვით: სტუდენტებმა განცხადებით მიმართეს ფაკულტეტს, მოგვაშორეთ კობიაშვილიო და მიზეზად მასწავლებლის განათლების დაბალი დონე დაასახელეს.  გუშინ, როცა ე.წ. მოშიმშილეებმა მიატოვეს „დისლოკაციის ადგილი“, „უკანასკნელი მოჰიკანი“ ფირან კობიაშვილი ამირანივით „მიეჯაჭვა“ ამოჩემებულ ადგილს და ამტკიცებს, რომ ის არის სტუ-ის თანამშრომელი. თავდაპირველი მოთხოვნა „სეკვესტრში“ მოაყოლა და მარტოდ დარჩენილი მხოლოდ რექტორთან შეხვედრას ითხოვს, დაველაპარაკები (დამელაპარაკოსო კი არა, მე დაველაპარაკებიო), გავიგებ მის აზრს და აი, მერე ვიფიქრებ მომავალზეო.  გესმით, რა ხდება? ვფიქრობ, კომენტარი აქ ზედმეტია.

_ თქვენგან სტუდენტთა ერთი ნაწილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

_ სტუდენტთა ერთი ნაწილი? ეს ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტია, ერთი ნაწილი სტუდენტთა რა რაოდენობას გულისხმობს? თორმეტდღიანმა ე.წ. შიმშილობის აქციამ აჩვენა, ვინ უჭირდა მხარს ე.წ. მოშიმშილეებს, როგორ მოვიქცე ახლა მე? ადამიანთა ჯგუფს, რომელთაგან უმეტესობას არაფერი აკავშირებს სტუ-სთან, ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ მე ვთქვი სიმართლე?! გამორიცხულია!

IMG_9732

_ კარგით. ჩვენ უნდა გვესაუბრა იმ ქონებებზე, რაც უნივერსიტეტის კუთვნილება იყო. სხვათა შორის აქციის მონაწილეებიც ამახვილებდნენ ამ თემაზე ყურადღებას.

_ არამხოლოდ აქციის მონაწილეები. ძალიან გამაოცა დენის დავითაშვილის პოზიციამ, რომელიც ინტერვიუს სახით გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში. დავითაშვილი, რომელიც აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ კონსულტანტად მოგვევლინა, ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს იჯარით გაცემულ ქონებაზე და ძალიან დიდი გულშემატკივარივით აცხადებს, – რომ არა იჯარა ყველაფერი კარგად იქნებოდაო. არა მგონია, ასაკის ბრალი იყოს ბატონი დენისის გულმავიწყობა, მაგრამ დენის დავითაშვილმა სიმართლე რომ ილაპარაკოს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ ქონებაზე, ჩვენ მივადგებით ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, რამაზ ხუროძეს და მის კლანს (!) რომელთაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეჭამეს უნივერსიტეტი. დანჯღრეული ჟიგულით (06) უნივერსიტეტში მოსული ხუროძე, უნივერსიტეტიდან წავიდა ჯიბეში მილიონებით, სახლებით, მათ შორის პარიზში, ბიზნესებით და ასე შემდეგ. აი, დავითაშვილს ამის გაჟღერება ხელს ნამდვილად არ აძლევს და ამიტომ აქცენტი გადააქვს იჯარაზე, რომელსაც ოფიციალური დოკუმენტებით, უნივერსიტეტისთვის 167 ათასი დოლარი შემოაქვს წელიწადში. კარგით, რაკი ბატონ კონსულტანტს მახსოვრობაში გარღვევა აქვს, მე შევახსენებ მას:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების განიავება იწყება 2005 წელს, ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი იყო დავითაშვილის მეგობარი რამაზ ხუროძე. პირველი: 2005 წლის 8 მაისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი მიმართვის (74-01-2010/01-25) საფუძველზე გამოსცა N950 ბრძანება, რომლის საფუძველზედაც ქ. თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე განთავსებული ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, მიმდებარე მიწის ფართებითა და სასწავლო ინვენტარით, გასცა  30-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით, რაც შემდგომში კერძო საკუთრების უფლებით გამოსყიდული იქნა მოიჯარის მიერ. მეორე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 2 ივნისის #98 და იმავე წლის 14 აპრილის N313 ბრძანებებით, უნივერსიტეტს სახელმწიფოსგან პირველად გადმოეცა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, სადაც არ ფიქსირდება რიგი ქონება, რაც მანამდე იმყოფებოდა უნივერსიტეტის ბალანსზე, ხოლო რიგი ქონება გადმოცემულია პირველი სართულების გარეშე ( ანუ ქონება მოიპარეს). მესამე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 18 ოქტომბრის N1172 ბრძანებით, ფაქტობრივად, გადმოცემიდან ოთხ თვეში, უზუფრუქტით გადმოცემული ქონების ნუსხიდან, უნივერსიტეტის რექტორის წერილი N74-01-733/01-25-ის  საფუძველზე, ამოღებული იქნა: მე-5 სასწავლო კორპუსი, სადაც დღეს განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტი, მიმდებარე მიწის ფართობებით, კერძოდ, სპორტული ღია მოედანი, ასევე  უნიკალური შახტა-ლაბორატორია და 2 საერთო საცხოვრებელი. ხაზგასმით მინდა გითხრათ: გაასხვისეს უნიკალური შახტა-ლაბორატორია, რომელიც არის ერთადერთი სამთო-გეოლოგიური სასწავლო ადგილი!

13106622_10206373855053858_2089033604_o

მეოთხე: 2006 წლის 3 ივნისს სახელმწიფომ ისევ უნივერსიტეტის რექტორის წერილი N74-01-156/01-25-ის საფუძველზე, ქ.თბილისის მერიას გადასცა 15-წლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით უნივერსიტეტის საცურაო აუზი. რაც შეეხება იმ ქონებებს, რომელიც ასევე უნივერსიტეტის იმდროინდელი ხელმძღვანელობის შუამდგომლობებით გადაცემული ჰქონდა  სახელმწიფოს, იჯარით იქნა გაცემული, რისი საიჯარო ქირაც არ ირიცხებოდა უნივერსიტეტის ბიუჯეტში! ყველა აღნიშნული ქონება (7 ერთეული) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 27 მარტის N515 ბრძანებით უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, გადმოეცა ტექნიკურ უნივერსიტეტს, რის შემდგომაც საიჯარო ქირა ირიცხება უნივერსიტეტის ბიუჯეტში, გარდა ამისა, დაბრუნებული ქონების ნაწილში, სადაც ფუნქციონირებდა „სახინკლე“, უნივერსიტეტის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი იჯარის ხელშეკრულება, აღნიშნულ ფართს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და დღეს ამ ფართზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 18 აპრილი N622 ბრძანებით, უნივერსიტეტმა დაიბრუნა შახტა-ლაბორატორია, სადაც დღეს მიმდინარეობს სასწავლო და საწარმოო პროცესი! რაც შეეხება მე-9 სასწვლო კორპუსის მშენებარე ნაწილს, ის უნივერსიტეტისთვის გადმოცემული რაიმე იურიდიული აქტის საფუძველზე არასდროს ყოფილა, რადგან არ იყო დასრულებული მშენებლობა, არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტი და, შესაბამისად, არ იყო შესული ექსპლუატაციაში.

_ ანუ რექტორი თავად ითხოვდა, წაიღეთ ჩემგან ქონებაო?

_ დიახ, ყველა ბრძანება შეგიძლიათ გამოითხოვოთ და გადაამოწმოთ. რექტორი რამაზ ხუროზე ითხოვდა, წაიღეთ ჩემგან ქონებაო და ასე გაიყიდა მინიმალურ ფასად, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებებისა: კიკეთის მიწები, მიწები დიღომში, სასწავლო-სახელოსნოები დიღომში, საერთო საცხოვრებლები და დღეს ხუროძის „ასკოლკები“ აცხადებენ, რომ თურმე არჩილ ფრანგიშვილმა გაანიავა უნივერსიტეტის ქონება! აი, მე ვკითხულობ ახლა: რატომ არ იყო დაინტერესებული ამ მასალებით პროკურატურა? თქვენ ხომ ხართ დარწმუნებული, ახლა ეს თემა რომ წამოიწიოს, როგორ „აყიყინდებიან“ მავანნი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს კრიმინალი პოლიტიკურ დევნაში გაიტაანონ! გამოცვივდებიან  წიქარიშვილის მსგავსი იურისტები და სამართლიანობის მოთხოვნით ქვე-შაგებს  „დადგამენ“ ადმინისტრაციულ კორპუსში! საერთო საცხოვრებლები უნივერსიტეტს პეკინზე ჰქონდა, დედაქალაქის ცენტრში, ახლა იქ „გალაქსია“, 300 დოლარად „გაიყიდა“ ფართები, რომელიც მაშინ 20-ჯერ მეტად ფასობდა! გიული ალასანიას აჩუქეს 30 კვადრატი მიწა! და ამ ფონზე ვინ ლაპარაკობს რეფორმებზე?! ადამიანები, რომლებიც თავშეფარებულნი არიან კრიმინალის ფრთებქვეშ? ახლა გასაგებია, ვის ჯიბეში დაილექა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და როდის მოხდა ეს? გასაგებია, ე.წ. კონსულტანტები და სიმართლისთვის დევნილნი რისთვის იბრძვიან? დაბოლოს, ხაზგასმით მინდა ვთქვა: ფირან კობიაშვილი არაა უნივერსიტეტის თანამშრომელი, მას არც ახლა და არც აქციის დასაწყისში უფლება არ ჰქონდა, ღამისთევით ყოფილიყო ადმინისტრაციის შენობაში…

_ სხვებს ჰქონდათ?

_ კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, არც არავის აქვს უფლება, ადმინისრტაციის შენობაში წამოწვეს, მაგრამ რაკი ორი ე.წ. მოშიმშილე იყო ჩვენი პროფესორი… ფირან კობიაშვილს კანონით აქვს უფლება, ადმინისტრაციის შენობიდან 20 მერტის დაშორებით გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სიტყვის თავისუფლება. ამ საღამომდე თუ ის არ დატოვებს ადმინისტრაციის შენობას, მე, რიგითი კანონმორჩილი, დარეჯან მეფარიშვილი, მივმართავ პოლიციას, „გაიტანონ გრენლანდია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციის შენობიდან, კობიაშვილის აქ ყოფნა კანონის ყველა ნორმის დარღვევაა და ვფიქრობ, ვიღაცამ მაინც უნდა მოითხოვოს კანონის დაცვა და ეს მე ვიქნები, თუ სხვებს რაიმე პრობლემა აქვთ!

ესაუბრა ბერდია კალანდია

დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

 

(ნაწილი მეორე) დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

 

banner
წინა სტატიაშიქობულეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიათელავის აეროპორტი ,,მიმინო“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა