დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”-პარტიის ოფისში ლიდერები იკრიბებიან

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება. ამ წუთებში პარტიის ოფისში აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თანამოაზრეები იკრიბებიან. პარტიაში ელოდებიან გიგი უგულავასაც.

შეხვედრას დაპირისპირებული მხარე არ დაესწრება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე დღეს პარლამენტში სერგო რატიანს, აკაკი ბობოხიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

კაპანაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტიაში მოლაპარაკების გზით კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდება, სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ჯერჯერობით ამას შედეგები არ აქვს, თუმცა ვნახოთ, იმედია, რომ ამაზე გარკვეული დრო არის. ის, რომ ამაზე რეაქცია არის პროვოკაციული, ყველა ჩვენგანმა ნახა დღეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის რეაქცია მოჰყვა.

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კიდევ იმედი გვაქვს და გიგიც ამას აკეთებს სწორედ, რომ მაქსიმალურად რა შანსიც არის, ის შანსი იქნას გამოყენებული. თუ ეს არ მოხდება, შესაბამისად, მალე იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პროცესების სამომავლო განვითარებაზე საუბრობს პეტრე ცისკარიშვილიც. მისი თქმით, პარტია ნაციონალური მოძრაობა არ იშლება და დაპირისპირებულ ჯგუფს გადაწყვეტილების მიღება 20 იანვრის ყრილობის შემდეგ მოუწევს.

„სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ პარტია არ იშლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ რჩება განახლებული სახით მეშვიდე ყრილობის მერე. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ჩვენ დაგვასუსტებს, მაგრამ ეს იმ ადამიანების არჩევანია, რომელბმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი გზა სხვა მიმართულებით გააგრძელონ.

“შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა დარჩება იქ, სადაც დარჩება. თავის სახელით, მითუმეტეს ყრილობის მერე და ის ჯგუფი, რომელიც გამოეყოფა ნაციონალურ მოძრაობას გასაგები ფორმალური მიზეზების გამო თუნდაც, შეარჩევს სხვა სახელს,“ – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიასადმა ყველა საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის მზაობის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიატუნისში ქვეყანაში ტერორისტების დაბრუნების წინააღმდეგ აქცია გაიმართა