გია ჟორჟოლიანი: დანაშაული ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

საპარლამენტო უმრვლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს არის დანაშაული. დანაშაული ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება სავარაუდო მოტივს, გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი “არათუ არაეთიკურია, არარაციონალურია და უბრალოდ უაზრობაა”.
“ვიღაცა არასერიოზული ხალხი რომ ამის თაობაზე რაღაცას ლაპარაკობს, გგონიათ, რომ შესაძლებელია ასეთი ლაპარაკი?! მე მგონია, რომ არათუ არაეთიკურია, არარაციონალურია და უბრალოდ უაზრობაა. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ამას”, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში გაუარესებული არ არის, “მაგრამ ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს”.
“მე მგონია, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში გაუარესებული არ არის, მაგრამ ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში“პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს” – დავით ნარმანია პანორამა თბილისზე საუბრობს
შემდეგი სტატიააღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გაიხსნა