დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს 20%-ის ზევით გაცდენების შემთხვევაში, სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს 20%-ის ზემოთ გაცდენების შემთხვევაში სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.

შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, თუ კონკრეტულ სკოლაში ან საბავშვო ბაღებში გაცდენათა მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის მინიმუმ სამი სამუშაო დღის შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის.

“გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ თანდათან ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატებაა და განსაკუთრებით ეს კონცეტრირდება ბავშვთა ასაკში, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება გამოვიდეთ რეკომენდაციით და მივმართოთ სასკოლო და ზოგადად სააღმზრდელო დაწესებულებებს, ბაღებს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მათ სკოლაში ან ბაგა-ბაღში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, პრევენციულად მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა და ბავშვების მიყვანა ბაგა-ბაღებში. იზოლირების გაგრძელება გადაწყდეს შემდგომი კონსულტაციებით. ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება, რათა ნაკლები იყოს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ გრიპის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა სწორედ ბავშვებია.

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე და ბათუმის მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნა
შემდეგი სტატიაქუთაისის მახლობლად მეწყერმა სამანქანო გზა წაიღო