ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში – ენმ-მ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

ევროპულ საკანონმდებლო სისტემასთან დასაახლოების მიზნით საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას. ცვლილებები ეხება ნაკლებად მძიმე ეკონომიკური სახის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის, როგორც დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას.

კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ისეთი ქვეყნების მაგალითებზე, როგორიცაა გერმანია, დანია, ნორვეგია, საფრანგეთი და სხვა. აღნიშნულ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისთვის უკიდურესად შეზღუდულია.

საკანონმდებლო ინიციატივა ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორმოცდაოთხ მუხლს. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს წინასწარი პატიმრობის გაუქმებას, ისეთ ეკონომიკურ დანაშაულზე როგორიც არის მაგალითად, სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო საგანმანათლებო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, კრედიტის უკანონოდ მიღება, ყალბი საკრედიტო ბარათის ან საანგარიშსსწორებო ბარათის დამზადება/გასაღება ან გამოყენება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა, ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება/გამოყენება, ყალბი რეკლამა, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია და სხვა.

აღნიშნული ინიციატივის წარდგენა ხორციელდება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის დაპირებების შესაბამისად.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წინასწარი პატიმრობის საკანონმდებლო პრაქტიკის შესახებ.

საერთაშორისო პრაქტიკა წინასწარი პატიმრობის შესახებ

საერთაშორისო პრაქტიკით, წინასწარი პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს, როგორც დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ზომა. ევროპის ქვეყანათა უმეტესობაში, წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისთვის უკიდურესად შეზღუდულია, რადგან ასეთი ტიპის დანაშაულებზე დეკრიმინალიზაციის პროცესს პროგრესული ტრენდი აქვს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენების შეზღუდვას.

ქვემოთ მოყვანილია ის ქვეყნები და დანაშაულთა სახეები, რომელთა ჩადენისთვის ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად შეეფარდება წინასწარი პატიმრობა.

ქვეყანა

დანაშაულები, რომელთა ჩადენისთვის ბრალდებულს შეეფარდება წინასწარი პატიმრობა

ნორვეგია:

დანაშაული, რომლის ჩადენისთვის დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 10 წლის ვადით, ან ასეთი დანაშაულის მცდელობისთვის.

ბულგარეთი:

დანაშაული, რომლის ჩადენაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ 10 წლის ვადით.

მაკედონია:

დანაშაული, რომლის ჩადენაც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.

იტალია:

დანაშაული, რომლის ჩადენაც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით.

მკაცრად არის განსაზღვრული, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა გამოირიცხოს, თუ სხვა ალტერნატიურლი ზომების მიღება (როგორიც არის მაგ, შინაპატიმრობა, პასპორტის ჩამორთმევა, განსაზღვრულ ადგილზე ცხოვრების ვალდებულება) არის შესაძლებელი. ის ყოველთვის გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებად ისეთი დანაშაულის შემთხვევაში, როგორიც არის მაგ. მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა ან ტერორიზმი.

პოლონეთი:

დანაშაული, რომლისთვისაც დაწესებული სასჯელის ვადა შეადგენს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ 8 წელის ვადით; პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლის ვადით.

საფრანგეთი:

დანაშაული რომლისთვის დადგენილი სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 3 წლით.

ხორვატია:

ჩაიდენს ან გაიმეორებს დანაშაულს, რომლისთვისაც დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 5 წლის ვადით.

გერმანია:

· კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ბანდის წევრობა;

· მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხეულის მძიმე დაზიანება;

· ცეცხლის წაკიდება, ცეცხლის წაკიდება დამატებით დამამძიმებელ გარემოებებში, ცეცხლის წაკიდება, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი;

· სექსუალური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე;

· სხეულის დაზიანება საშიში ნივთიერებით, სხეულის მძიმე დაზიანება, სხეულის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა სიკვდილი;

· ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში, იარაღის ტარება, კერძო სახლების ძარცვა, ყაჩაღობა, ყაჩაღობა დამამძიმებელ გარემოებებში, ყაჩაღობა, რასაც მოჰყვა სიკვდილი, ქურდობა, ნაქურდალის გასაღება, თაღლითობა;

· შანტაჟი, შანტაჟი ძალის გამოყენებით ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით;

· ავტომობილის მართვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ.

ბოსნია და ჰერცეგოვინა:

თუ პირი ჩაიდენს ან გაიმეორებს დანაშაულს, რომლისთვისაც დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლის ვადით.

დანია:

ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება შესაძლებელია, თუ მან ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვის განსაზღვრული სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ 1 წლისა და 6 თვის (ანუ 18 თვის) ვადით.

ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება აუცილებელია, თუ მან ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვის განსაზღვრული სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ 6 წლის ვადით.

ლატვია:

· განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც ხელყოფს ადამიანის, არასრულწლოვანის ან ისეთი პირის სიცოცხლეს, რომელსაც ასაკის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა;

· ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

ლიტვა:

განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულები, ასევე ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, როგორებიცაა: ავტომობილის მართვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა, ქონების განადგურება ან ზიანის მიყენება.

მონტენეგრო:

მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 10 წლის ვადით.

სერბეთი:

დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც დაწესებულია არანაკლებ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ან არანაკლებ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჩადენილია ძალადობით.
საქართველოში აჟამად მოქმედი პრაქტიკა არის რეპრესიული ხასიათის და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

banner
წინა სტატიაშისუს-ი აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით შემზარავია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც