“ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება”- ხიდაშელი ქანთარიას გამოეხმაურა

ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.

ხიდაშელი ქანთარიას შეახსენებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც თავად ეკუთვნის.
“საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ეკუთვნის ნუკრი ქანთარია. თუ მას რამე კითხვები გააჩნია მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.

 

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე უშიშროების საბჭოს სხდომას სავარაუდოდ ვერ დაესწრება
შემდეგი სტატიავანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფოთის პორტს შორის დავაზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოცხადდება