ცოლმა ქმარი „დანაშაული და სასჯელის“ მიხედვით მოკლა – ვინ აფარებს ხელს ნამდვილ მკვლელს?!

სისხლის სამართლის საქმე N031261216001 – დანაშაულის გარემოებანი: 2016 წლის 26 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ თაზაკეთში, ღამის საათებში, დაახლოებით 02:00 საათზე, ტურკან ქერიმოვამ მოკლა მეუღლე, რუსლან ქერიმოვი. დანაშაულის კვალიფიკაცია 11პრიმა-108 მუხლი. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათს (ფორმა N1) ხელს აწერს მარნეულის რაიონის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი იგორ ქვლივიძე.
აუცილებლად სათქმელი, საქმის დეტალების გაცნობამდე:
საქმე, რომლის შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ, „სხვა ვითარებაში“, „სხვა გარემოებებში“, „სხვა პირის მიმართ“ რომ ეწარმოებინა საგამოძიებო უწყებას, დღეს სრულიად საქართველოს არასამთავრობო სექტორი ამ თემაზე ისაუბრებდა და კატეგორიულად მოითხოვდა გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დასჯას!
სრულიად საქართველოს უფლებათადამცველები, ისაუბრებდნენ ჩაგვრაზე, არასამართლიანობასა და არაკანონიერებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ საქმეში!
სრულიად საქართველოს ქალთა უფლებების დამცველები, არ მოისვენებდნენ და ყველას დაუმტკიცებდნენ როგორ აწამებენ, დევნიან 25 წლის გოგოს!
სრულიად საქართველოს ე.წ. ცნობადი სახეები, ე.წ. პუბლიცისტები, ხელზე დაიხვევდნენ ერთი გაუბედურებული ქალის, სამი შვილის დედის, ისტორიას და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის საქმის გაუკუღმართებაში, კანონის უგულებელყოფაში, უდანაშაულო (აქ შეიძლება გვეხმარა სამართალწარმოებაში დამკვიდრებული ტერმინი – სავარაუდო – იმ „უბრალო“ გარემოებისა გამო, რომ შემდგარი დანაშაულის ბრალდებით განაჩენი დამდგარია და პატიმარმა სასჯელი მოიხადა, თუმცა რატომ არ გამოვიყენეთ ეს ტერმინი, სტატიის შინაარსის გაცნობისას მიხვდებით) ქალის დასჯასა და მისთვის შვილების წართმევაში (ასევე უკანონოდ, ამ ქალისთვის დედობა კანონს არ ჩამოურთმევია), გამომძიებლებისა და პროკურორების, მოსამართლეების მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევაზე, ისაუბრებდნენ გაუთავებლად, ყველა მედია საშუალებაში – ბეჭდურში, ინტერნეტგამოცემებში თუ ტელევიზიაში.
მაგრამ ეს საქმე არის „ერთი ჩვეულებრივი საქმე“, რომლის მსგავსი „ათასში ათასივეა“ და ერთ „უბრალო მოკვდავს“, სამი შვილის არაცნობილ დედას ეხება! ამიტომ დუმს ყველა, მეტიც, ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ პროკურატურის დაკვეთით (ამაზედაც პასუხს სტატიაში ამოიკთხავთ) „თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი“ ჟურნალისტიკა ალაპარაკდა 25 წლის გოგოზე, რომელსაც თურმე არა აქვს უფლება, შვილებთან ერთად იყოს. სწორედ, ამ ფაქტის გამო მოვიდა ჩვენთან ამ გოგონას ადვოკატი, მოგვიტანა დოკუმენტაცია და ჟურნალისტური გამოძიება გვთხოვა.
ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, არაა სრულყოფილი გამოძიება (ჟურნალისტური გამოძიება ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჟურნალისტს გამომძიებლის მსგავსად, სხვადასხვა ინსტანციაში ყველა ინფორმაციაზე არ მიუწვდება ხელი), მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ სიმართლე გაგვერკვია:
ეს შესავალისთვის, რაც ეხება საქმის დეტალებს: მკვლელობა მოხდა 2016 წლის 26 დეკემბერს, შუაღამისას. იმავე დღეს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, პოლიციის მაიორს რამინ ისმაილოვს, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბახრუზ აბდურახმანოვი პატაკით ატყობინებს, რომ ტურკან ქერიმოვამ ნაჯახით მოკლა ქმარი რუსლან ქერიმოვი და „ამჟამად ტურკან ქერიმოვა უნდა იმყოფებოდეს ბებიამისთან, ლალა ქარიმოვასთან“. იმავე დღეს საქმე ქვემდებარეობით გადაეცა პროკურატურას. 26 დეკემბერსვე გამოტანილ იქნა დადგენილება სამედიცინო ექსპერტის დანიშვნის შესახებ, გამოძიებამ ექსპერტს მიმართა 5 კითხვით, მათ შორის: რამ გამოიწვია ქარიმოვის სიკვდილი, რა დაზიანებები აღენიშნება გვამს. ყველა ეს პროცედურა, დღის პირველ ნახევარში, კონკრეტულად 11 საათამდე იქნა ჩატარებული.
პირველი საეჭვო გარემოება: გამოძიებამ როგორღაც მოახერხა და რამდენიმე საათში ჩაატია მოქმედებები, რომელსაც სხვა დროს, სხვა ვითარებაში, მანძილისა და სატელეფონო თუ ინტერნეტკავშირის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. გამოძიების მიერ შედგენილი დოკუმენტაცია ექსპერტს ვაჩვენეთ, რომლის განმარტებით: „ისე გამოდის თითქოს პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლები ისხდნენ და ელოდნენ როდის მოკლავდნენ რუსლან ქერიმოვს, რათა მყისიერად გაეფორმებინათ დოკუმენტაცია“.
26 დეკემბერს, 11:05 საათზე გამოძიებამ დაკითხა მოკლულის მამა ტელმან ქერიმოვი. ამონარიდი ქერიმოვის ჩვენებიდან: „ჩემი შვილი რუსლან ქერიმოვი 2009 წლიდან იმყოფება ქორწინებაში ტურკან ქერიმოვასთან, მათ ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ტურკანს და რუსლანს ჰქონდათ ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა. თუმცა ბოლო ორი-სამი წელია რუსლანი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს, ამასთან მას სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი და ცოლ-ქმარს აღნიშნულ ნიადაგზე პერიოდულად ჰქონდათ ხოლმე უთანხმოება“.
მოკლულის მამის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 26 დეკემბერს რუსლანი დილით ადრე გასულა სახლიდან და დაახლოებით 21 საათზე მთვრალი მოსულა, საჭმელი უჭამია და სახლის მეორე სართულზე ასულა დასაძინებლად, სადაც ის, ტურკანი და მათი ორი შვილიც იძინებდნენ. პირველ სართულზე რუსლანის დედ-მამა, რუსლანის და ტურკანის ერთი შვილი და რუსლანის და, თავისი შვილით, იძინებდნენ: „დაახლოებით 02:00 საათზე გამეღვიძა ხმაურზე, ჩემი რძალი ტურკან ქერიმოვა ხმამაღლა ყვიროდა, რომ რუსლანი იყო მკვდარი. მაშინვე ავდექი და გამოვედი გარეთ, დავინახე რომ ჩემი რძალი ტურკანი სირბილით გავიდა სახლის ეზოდან გარეთ. მე წავედი სახლის მეორე სართულზე, ჩემი შვილის და რძლის ოთახისაკენ, კიბეებზე შემხვდა ჩემი ძმის შვილი ასიფ ქერიმოვი, რომელმაც მითხრა რომ რუსლანი იყო გარდაცვლილი, სცადა ჩემი შეკავება და მთხოვა რომ არ შევსულიყავი ოთახში. მე არ დავუჯერე ასიფს და მაინც შევედი რუსლანის ოთახში, როდესაც ოთახში შევედი დავინახე რომ ჩემი შვილი რუსლანი გულაღმა მდგომარეობაში გაუნძრევლად იწვა საწოლზე მარცხენა მხარეს, მას სახე ჰქონდა სისხლიანი. მის გვერდით კომოდზე იდო სისხლიანი ნაჯახი, იქვე რუსლანის საწოლის გვერდზე, ხელმარჯვნივ, თავის საწოლში იწვა, და ეძინა ჩემს შვილიშვილს… რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსლანის მიერ ტურკანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ყოველშემთხვევაში, მე აღნიშნულ ფაქტს არასდროს შევსწრებივარ… ჩემი შვილი რუსლან ქარიმოვი სიმთვრალეში იყო აგრესიული და შარიანი, თუმცა ოჯახის წევრებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია“.
მოკლულის მამამ განმარტა რომ სისხლიანი ნაჯახი, რომელიც მისი შვილის ოთახში კომოდზე იდო, ოჯახის საკუთრებაა, რომ მის შვილს და რძალს იმ საღამოს, ისევე როგორც სხვა დროს, არ უჩხუბიათ.
26 დეკემბერს მოწმის სახით ასევე დაკითხულ იქნა ტურკან ქერიმოვა (ჩვენებასაც სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ), რომელიც იმავე დღეს დააკავეს და ბრალდებულის სახითაც დაკითხეს. ტურკან ქერიმოვას ადვოკატი თავად საგამოძიებო უწყებამ შესთავაზა. არ ვიცით რის გამო, მაგრამ ადვოკატს საგამოძიებო მოქმედებისას პროკურატურის საწინააღმდეგოდ ერთი სიტყვაც კი არ აქვს დაძრული, არადა საქმე იმდენად „ღია ფერებშია“ „შეკერილი“ „ფერების ამოსაცნობად“ იურიდიული განათლება საჭირო არცაა.
მეტი სიცხადისათვის: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოკლული ქარიმოვის მშობლებს, დას, დის შვილს და ქარიმოვის ერთი შვილს, პირველ სართულზე ეძინათ. მათი სახლის ეზოში, სახლიდან მოშორებით დგას მეორე სახლი (გამყოფი ღობე არა აქვთ), სადაც ტელმან ქერიმოვის ძმის ოჯახი ცხოვრობს. როდესაც ტურკან ქერიმოვას ყვირილი გაიგო ტელმან ქერიმოვმა, დაახლოებით ორ წუთში უკვე მეორე სართულზე ადიოდა, სადაც მაღლა მიმავალს კიბეზე (ზემოდან მომავალი) შეხვდა ძმის შვილი ასიფ ქერიმოვი. ეს არის ამ საქმეში მეორე საეჭვო გარემოება: გამოძიება არ დაინტერესებულა როგორ მოახერხა ასიფმა ტელმანზე ადრე მეორე სართულზე ასვლა და მეტიც, მოკლულის ნახვა!
მესამე საეჭვო მდგომარეობა: ტურკან ქერიმოვა მოწმის სახით დაკითხულ იქნა 11:30 საათიდან 15:25 საათამდე და ამ დროში გამომძიებელმა მხოლოდ ოთხი თაბახის ფურცელი შეავსო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არც ერთი კითხვა არ დაუსვამს მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის გამომძიებელს ისეთი, რაც დანაშაულს ნათელს მოჰფენდა, მაშინ ეს 4 ფურცელიც ძალიან ბევრად უნდა აღვიქვად.
ბრალდებულის სახით ტურკან ქერიმოვა დაკითხულ იქნა 18:50 საათიდან 19:00 საათამდე, ორ დაკითხვას შორის შუალედში კი ექსპერტიზისთვის რამდენიმე ნუიმუში იქნა აღებული. მეორე დაკითხვისას ტურკანისთვის ერთი კითხვა (ისე, საჩვენებლადაც კი) არ დაუსვამთ, გააცნეს ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, ხელი მოაწერინეს და „გაუყენეს კუდიგორის გზას“. მოკლედ, გამოძიება შესაშური ოპერატიულობითა და მეტეორული სისწრაფით მოქმედებდა.
მთავარი მოწმე ამ საქმეში ასიფ ქერიმოვია, გთავაზობთ ამონარიდს მისი ჩვენებიდან: „ჩემი ბიძაშვილი რუსლან ქერიმოვი 2012 წლიდან (ქორწინების თარიღი აქ და კიდევ რამდენიმე ჩვენებაში არასორადაა მითითებული, თუმცა გამოძიებას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ასევე არც მომწმეს, რომელმაც ალბათ ვიდრე ხელს მოაწერდა ჩვენებას, წაიკითხა, ან წაუკითხეს) იმყოფება ქორწინებაში ტურკან ქერიმოვასთან ერთად, მათ ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი… 25 დეკემბერს დილიდან ბაზარში ვიმყოფებოდი, 19 საათისთვის მოვედი სახლში, ვჭამე საჭმელი და ვინაიდან ვიყავი წინა ღამის უძილო, დაახლოებით 21:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად… 2016 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 02:00 საათზე გამეღვიძა ხმაურზე ჩემი ბიძაშვილის რუსლან ქერიმოვის ცოლი ტურკან ქერიმოვა ხმამაღლა ყვიროდა რომ რუსლანი იყო მკვდარი. მე ავედი მათი სახლის მეორე სართულზე ჩემი ბიძაშვილის ოთახში, როდესაც შევედი ოთახში , დავინახე ჩემი ბიძაშვილი რუსლანი, გულაღმა მდგომარეობაში გაუნძრევლად იწვა ლოგინზე, მას სახე ჰქონდა სისხლიანი. სისხლის დანახვაზე გავხდი ცუდად, ოთახში სხვა არავინ იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვების გარდა, რამდენიმე წამში ოთახში შემოვიდა ჩემი ცოლიც აინურ ბაირამოვა. ვინაიდან რუსლან ქერიმოვს სისხლი ჰქონდა სახის არეში, გადავაფარე მას გადასაფარებელი. ასევე გარდაცვლილ რუსლან ქერიმოვისგან მარცხნივ მის თავთან კომოდზე იდო ნაჯახი, რომელიც ასევე იყო სისხლიანი…. რუსლანის მშობლებს და იქ შეკრებილ ხალხს რომ არ დაენახათ სისხლიანი ნაჯახი და რამე კიდე არ მომხდარიყო, შევედი ოთახში, ავიღე აღნიშნული ნაჯახი და იქვე ეზოში თივის ტუკებში დავაგდე… ნაჯახი ვიცანი დანახვისთანავე, აღნიშნული ნაჯახი არის ბიძაჩემის რუსლან ქერიმოვის საკუთრება…“
ჩვენებაში ასიფ ქერიმოვი სხვა უმნიშვნელო დეტალებსაც იხსენებს, თუმცა გამომძიებელი არ ეკითხება, როგორ მოახერხა ასიფმა ბიძამისზე ადრე შემთხვევის ადგილზე მისვლა, დათვალიერება და გვამის „მოწესრიგებაც“ კი, მაშინ, როცა რუსლან ქერიმოვის მამა და ასიფ ქერიმოვი ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ყვირილმა გააღვიძა და როგორც ჩვენებაში ქერიმოვის მამა წერს ორ წამში უკვე მეორე სართულს მიუყვებოდა, კიბეებზე ადიოდა. გამოძიება ასევე არ დაინტერესდა, კიდევ რა უბედურება უნდა მომხდარიყო, რა იგულისხმა ამაში ასიფ ქერიმოვმა და რატომ გადამალა მტკიცებულება.
საინტერესოა მოწმე ვილაიატ კარიმოვის ჩვენებიდან ერთი ადგილი: „საძინებელ ოთახში შესვლისთანავე დავინახე რომ საწოლზე გულაღმა დგომარეობაში იწვა რუსლან ქერიმოვი, რომელსაც სახე მთლიანად სისხლით ჰქონდა მოსვრილი… ზარნურა ქერიმოვამ მთხოვა სისხლი მომეწმინდა რუსლან ქერიმოვისათვის სახიდან, რა დროსაც ზარნურამ მომაწოდა მამაკაცის შავი ფერის ტრუსი, რომლითაც მე მოვწმინდე სახიდან სისხლი რუსლან ქერიმოვს“…
ე.ი. ვილაიატ კამიროვი, შემთხვევის ადგილზე მიდის, ასიფ ქერიმოვის შემდეგ. ასიფი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მან გადააფარა რუსლანს სისხლიან სახეზე გადასაფარებელი. ვილაიატი ჩვენებაში არ ამბობს, რომ გვამიდან აიღო გადასაფარებელი და ისე მოწმინდა სახე გარდაცვლილს, ის გარკვევით და ცალსახად მიუთითებს, რომ რუსლანს მოწმინდა სისხლი სახიდან. ე.ი. ოთახში მყოფემბა დაინახეს სისხლიანი სახე და სახელდახელოდ გაასუფთავეს.
მეორე მთავარი მოწმის, აინურ ბაირამოვას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან ბოლოს ცოცხალი რუსლან ქერიმოვი 22 საათზე ნახა, რუსლან ქერიმოვის მამის ჩვენებიდან კი ირკვევა, რომ მისი შვილი 21 საათზე დასაძინებლად ავიდა მეორე სართულზე. აინურის სახლის ეზოში რუსლანი 10-15 წუთი გაჩერებულა და თავის სახლში წასულა. აინური ადასტურებს, რომ მან და მისმა ქმარმა, რუსლან ქერიმოვის ოჯახის წევრებს მიასწრეს რუსლანის ოთახში შესვლაც და გამოსვლაც. ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ცოლ-ქმარ ქერიმოვებს შორის არასდროს მომხდარა ჩხუბი, ასევე საინტერესოა ერთი დეტალი: ჩვენებებში წერია, რუსლანი „იყო მკვდარი“, „ტურკანი ყვიროდა რუსლანი მკვდარია“.
მოტივი და საქმის მსვლელობის თანმიმდევრობა: 1. საქმის მასალების მიხედვით, რუსლან ქერიმოვი გაუკუღმართებულ სექსს სთავაზობდა ცოლს და ამ ყველაფერს აყურებინებდა ბავშვებს. დასკვნა: ე.ი. ასეთს მრავალგზის ჰქონდა ადგილი; 2. ბრალდების მიხედვით, რუსლანი ემუქრებოდა ცოლს თუ ყველაფერს ისე არ გააკეთებდა როგორც ეტყოდა, ნაჯახით მოკლავდა და ამიტომ მოხდა თურმე დაპირისპირება, რასაც მოჰყვა მკვლელობა, იმ ნაჯახით რომელიც მისივე ქმარმა ამოიტანა იმ შემთხვევისთვის, თუ ცოლი არ დაეთანხმებოდა. დასკვნა: როგორც ჩანს, რუსლან ქერიმოვი ყოველ ღამით თუ არა კვირაში რამდენჯერმე მაინც ძალადობდა ცოლზე. ალბათ, ნაჯახი მათი საძინებელი ოთახის „მდგმური“ იყო; 3. საქმის მასალების მიხედვით, 15 თუ 16 ჭრილობა აქვს გვამს; 4. საგამოძიებო და სასამართლო პროცესი წავიდა აღიარებითი ჩვენებით, დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება უდავოდ სცნო. დასკვნა: ამას შევარდნაძის ბნელ და სააკაშვილის შავბნელ ეპოქაშიც კი არ აკეთებდნენ ადვოკატები; 5. სასამართლო პროცესზე არ მომხდარა არც ერთი მოწმის გამოკითხვა, ერთადერთი რაც მოხდა, იყო ის, რომ საქმე განზრახ მკვლელობიდან გადაკვალიფიცირდა – ოჯახის წევრის მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე (აფექტი); 6. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციომ ერთი წელი დაუტოვა. სასწაულია, მაგრამ ასეა; 7. გამოძიება დაიწყო 2016 წლის 26 დეკემბერს, განაჩენი დადგა 2017 წლის 4 აპრილს. გაითვალისწინეთ, რომ გამოძიება პროცედურებს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სხვა დეტალებს დაახლოებით (ყველაზე დიდი ვადა რომ ავიღოთ) 1 თვეს ანდომებს. 2 თვე არის წინასწარი პატიმრობა. დასკვნა: გამოდის, რომ სადისტური მკვლელობის საქმე „შერლოკ ჰოლმსებმა“ ორ ღამეში გამოიძიეს და სამ თვეში „მოახრჩვეს“. შესაშური ოსტატობა და სისწრაფეა.
ადვოკატი გიორგი მჭედლიძე: „რა მოხდა რეალურად? რუსლან ქერიმოვს, როგორც ამბობენ, ბევრი საყვარელი ჰყავდა, ეს მთელმა სოფელმა იცის, ისევე როგორც იციან მკვლელობის რეალური მიზეზი და რეალური მკვლელები ვინ არიან. რუსლან ქერიმოვს, თავისი ალალი ბიძაშვილის ვალი ჰქონდა 3500 დოლარი, მკვლელობის დილით ბიძაშვილის ცოლისძმას გაჰყვა მანქანის საყიდლად, იყიდეს, აღნიშნეს. შეხვდა ბიძაშვილს ასიბ ქერიმოვს, რომელმაც უთხრა ბოლო-ბოლო კაცი ვარ და რამდენჯერ მგთხოვო, მომეცი ჩემი ფულიო. რუსლანი ნასვამი იყო და ეუბნება: კაცი, არა ისა, ხარ, შენი ცოლის საყვარელიც ვარ და შენი დისაცო.
საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა დეტექტივ-გამომძიებელმა ნინო ლეჟავამ. ერთი რამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, ძალიან ცოტა მოიძებნება საქართველოში ისეთი პროფესიონალი, როგორიც ნინო ლეჟავაა, საქმეში არსებულ „ხლართებსაც“ მხოლოდ ნინოსნაირი მაღალპროფესიული კადრი თუ მოახერხებდა. ადამიანი ებუნება ქმარი იმიტომ მოვკალი, გაუკუღმართებული სექსი მქონდაო და ამ ყველაფრის შემდეგ გამომძიებელი არ ნიშნავს ექსპერტიზას, რათა შესაბამისად დაადგინოს ქონდა თუ არა რეალურად მსგავსს ადგილი. ბრალდების მიხედვით: ტურკანმა რომ განიზრახა ქმრის მკვლელობა, თურმე კითხულობდა დოსტოევსკის „დანაშაულს და სასჯელს“ და ამიტომ გადაწყვიტა ნაჯახით მოეკლა ქმარი, თუმცა შემდეგ ეს „მოტივი“ გამოძიებას აღარ დაჭირდა, მაგრამ საქმეში დატოვეს. თავად სასჯელიც ძალიან სასაცილოა, თუ ამ ქალმა მოკლა და 16 ჭრილობა მიაყენა, ერთ წელში როგორ უნდა გამოუშვან გარეთ? ქმარი სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობს და ამან დოსტოევსკი რაკი წაიკითხა ნაჯახით მოკლა და 16-ჯერ ჩაარტყა ნაჯახი, მოსამართლემ რა წაიკითხა განაჩენის გამოტანამდე ან ბრალმდებელი რას კითხულობდა გამოძიების პროცესში, ძალიან საინტერესოა, არა?
მტკიცებულება, იარაღი, ნაჯახი, დანაშაულის ადგილზე არ იყო, ნაჯახი იპოვეს თივის ზვინითან, ქვემოთ ეზოში. ამაზე ასიბ ქერიმოვი აცხადებს, მე მოვაშორე იქიდან და თივის ზვინთან დავდეო, მაგრამ ექსპერტიზა როცა ჩატარდა, არც ასიბის და არც ტურკანის თითის ანაბეჭდები ნაჯახზე არ აღმჩნდა. ტურკანი ამბობს რომ ქმარი მოკლა, ეკითხებიან ნაჯახი საიდან გქონდაო, რა ნაჯახიო, – კითხულობს, გამომძიებელი ჩაეკითხება ეს ის ნაჯახია შენმა ქმარმა რომ მოიტანაო. ხო, ხო, ეგააო, დავასწარი აღება და თავში ჩავრატყიო.
ეს არის საქმის მასალებით, რა მოხდა რეალურად და რატომ არ აძლევენ 25 წლის გოგოს შვილების ნახვის უფლებას, ამის შესახებ სტატიის მეორე ნაწილიდან შეიტყობთ.

(პირველი ნაწილის დასასრული)

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს