ჩვენმა გუნდმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევის შესახებ

ჩვენმა გუნდმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც გაუსვა ხაზი.

„ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, არის მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ. იმისათვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება იყო რაიმე კუთხით, რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე ანუ 2018 წელზე პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული. ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება. მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი და მედვედევი ,,როიტერის,, ნეგატივში
შემდეგი სტატიაინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულ პირებს შორის შოთა პაკელიანის ყოფნას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ