საქართველოს მოქალქეები სულ მალე ბიომეტრული პასპორტებით უვიზოდ იმოგზაურობენ ევროპაში, ეს არ არის სიახლე, ეს არის დამსახურებული პრივილეგია, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პლენარულ სხდომაზე.
მან მნიშვნელოვან რეფორმებში მონაწილეობისთვის მე-8რვე მოწვევის პარლამენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ შედეგს წინ უძღოდა ძალიან მძიმე და მასშტაბური მუშაობა, რომელიც გასწია საქართველოს ხელისუფლებამ.
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კიდევ ერთი მყარი, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამას წინ უძღოდა ძალიან მძიმე და მასშტაბური მუშაობა, რომელიც გასწია საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ანტიკპორუფციული მიმართულებით. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის როლი და მე მინდა ვუთხრა მადლობა მერვე მოწვევის პარლამენტს, რადგან ბევრ რეფორმას სჭირდებოდა პარლამენტის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა“,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.