“ან ჩვენი ჯარისკაცების მონაცემები ხელმისაწვდომია ოკუპანტისთვის ან ის შეგნებულად არის გადაცემული” – ბაჩუკი ქარდავა

საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ვიცე პოლკოვნიკის პირადი საქმის რუსეთისთვის გადაცემის გამო არასაპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს. ოპოზიციას აინტერესებს რატომ არ გააფრთხილეს ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცეხ პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე და როგორ მოხვდა მისი პირადი საქმე რუსეთის ხელში.

„თუ ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა, რატომ მოხდა იმის დაშვება, რომ ამ პიროვნებას გადაელახა საქართველოს საზღვარი. რატომ არ იქნა ჩვენს მიერ გამოყენებული ინტერპოლის წესების მიხედვით ინფორმაციის არგაცემის უფლება. კომუნიკაციის ყველა არხი, რაც შეიძლება უკრაინასთან ქონდეს საქართველოს, უნდა იყოს გამოყენებული, რომ ქართველი ოფიცერი დავიხსნათ,“ – განაცხადა პოლიტიკური ცენტრი – გირჩის წევრმა გია ჯაფარიძემ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა არ გამორიცხავს, რომ ცერცვაძის საქმე შეგნებულად გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ასევე იმედოვნებენ, რომ უკრაინა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ მოხდება გია ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება.

„ვიმყოფებით ქვეყანასთან ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და იმ ქვეყანას ხელში უვარდება ჩვენი მებრძოლის პირადი მონაცემები. ეს აშკარად მიანიშნებს ორ რამეზე, ჩვენ ან დაცულები არ ვართ და ჩვენი ჯარისკაცების მონაცემები ხელმისაწვდომია ოკუპანტისთვის ან ის შეგნებულად არის გადაცემული,“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – დაღუპულია მამაკაცი
შემდეგი სტატია“დავაყენებთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს” – “ენმ” “გაზპრომის” საკითხის გასაჯაროებას მოითხოვს