ჩვენი გუნდი მაღალი ნდობით დაამტკიცებს პრემიერ კვირიკაშვილს და მის განახლებულ სამთავრობო კაბინეტს – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მთავრობის ახალ შემადგენლობას მაღალი ნდობით დაამტკიცებს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საკომიტეტო მოსმენებზე მათ ძირითადი კითხვები ეკონომიკური მიმართულებით ექნება.

„ჩვენი გუნდი მაღალი ნდობით დაამტკიცებს პრემიერ კვირიკაშვილს და მის განახლებულ სამთავრობო კაბინეტს. ხვალ შედგება კომიტეტების ფორმატში განხილვები, ასევე პრემიერმინისტრი და მთავრობა შეხვდებიან უმცირესობას და უმრავლესობას. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც პარლამენტს და ჩვენს გუნდს აინტერესებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური განვითარება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

„ამ ქვეყნის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი არსებული რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა გავაძლიეროთ კოორდინაციის მექანიზმები, კონტროლის საშუალებები და საერთო ჯამში, მცირე რესურსით მაქსიმალურ ეფექტს მივაღწიოთ,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან დაიწყებს. მინისტრთა კაბინეტის წევრებს საპარლამენტო კომიტეტებში ელოდებიან. კვირიკაშვილის მთავრობა უმრავლესობის და უმცირესობის შეკითხვებს უპასუხებს. ნდობის გამოცხადების საკითხი კი, კვირის ბოლოს პლენარულ სხდომაზე დადგება.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს