“ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით”

ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.

„ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში. საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც ცნობილია, ალიანსმა ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა, გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ასევე ხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას მის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაქუთაისის მერი ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს