“ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ” – გია ყარამანაშვილი “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს ეხმაურება

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო მოლოდინებსა და გეგმების შესახებ საუბრობენ. რა ბედი ელის სამაუწყებლო კომპანიას, რა შედეგით დასრულდება პროცესი უზენაეს სასამართლოში და როგორ გაგრძელდება ბრძოლა – რომელიც მხოლოდ რუსთავი 2-სთვის ბრძოლას არ ნიშნავს.

გია ყარამანაშვილი ვრცელ ინტერვიუში დეტალურად საუბრობს, როგორც უკვე გამართულ სასამართლო პროცესებზე, ასევე უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესზე და აცხადებს, რომ რაც აქამდე სასამართლო პროცესებზე ხდებოდა, არაფერი აქვს საერთო სამართალთან.

მისივე თქმით, ეს იყო სპეცოპერაცია ჩატარებული მოსამართლეების ხელით.

„მთელი საქართველო ხედავდა სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესს. ზუსტად სასამართლო დარბაზში, იმიტომ, რომ ის რაც სასამართლო დარბაზში ხდებოდა, არაფერი საერთო სასამართლო პროცესთან არ ქონია. ჯერ ურთმელიძის სამარცხვინო სასამართლო, შემდეგ ე.წ. “ტროიკა”. ეს სხვა არაფერი იყო თუ არა სპეცოპერაცია ივანიშვილის მიერ სასამართლოს ხელით ჩატარებული, მიიტაცოს რუსთავი 2.

“დღეს გადასული ვართ შემდეგ ეტაპზე. უზენაეს სასამართლოშია საქმე გადასული. მე არ ვიცი რა იქნება უზენაეს სასამართლოში, მაგრამ მთელმა საქართველომ დაინახა ჩვენი უნაკლო პოზიცია, ჩვენი სიმართლე და რაც ყველაზე მთავარია, პირველ რიგში ხედავენ თავად მოსამართლეები. ეს მოსამართლეები თავისდაუნებურად შევიდნენ საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მათი გადასაწყვეტია როგორ დარჩებიან ისინი საქართველოს ისტორიაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იქნება ეს სამართლიანი, სინდისზე და სამართალზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება თუ იქნება უბრალოდ ვიღაცის ნების შესრულება.

“მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ დღეს რომ ამ საქმეს განიხილავს 9 მოსამართლე, ეს ვერ ანეიტრალებს და ვერ აზავებს თითოეული მათგანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.

ყარამანაშვილის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელები, მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

„რაც შეეხება მოლოდინებს, მე ძალიან მოკლედ გეტყვით. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ბოლო ამ საქმის იქნება არა ამ სასამართლოში, არამედ ბოლო იქნება ის, რომ ჩვენი სიმართლე დამტკიცდება და რუსთავი 2 დარჩება ხალხის სამსახურში, ისევე როგორც დღეს. ხოლო ყველა ის მოძალადე და კრიმინალი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა და იყო ჩართული, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში,“ – განაცხადა გია ყარამანაშვილმა.

კითხვაზე – იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის არსებული მფლობელებისთვის წართმევა შეძლო, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, გია ყარამანაშვილი ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება და მოხდება არა მხოლოდ კომპანიის დაბრუნება, არამედ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.

„დღეს ამ პროცესით წყდება ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის ბედი. ლაპარაკი ამ ვითარებაში ჩვენს ქონებაზე მიმაჩნია უადგილოდ და რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულად. თან მე უკვე არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ქონებას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხელისუფლებამ რომც მოახერხოს და დროებით ჩამოგვართვას ეს ქონება, ეს მაინც ძალიან დროებითი მოვლენა იქნება. ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ, უფრო მეტიც ავინაზღაურებთ მიყენებულ ზიანს, რომელსაც ძალიან კარგად დაითვლის არა ვიღაცა ივანიშვილი, არამედ ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია და ჩვენ ამას გავაკეთებთ როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში,“ – აცხადებს ყარამანაშვილი.

გია ყარამანაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რაც დღეს ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მეტყველებს რა ფსკერზე იმყოფება სახელმწიფო. ყარამანაშვილი საერთაშორისო საზოგადოებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათი რეაქცია გახდება ბევრად უფრო აქტიური.

„დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ილუზია არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით თუ რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ვინაიდან ზღვარი, სადაც გაჩერდება ხელისუფლება, უბრალოდ არ იარსებებს თუ ამ ხელისუფლებამ თუნდაც რაღაც მოკლე ვადით ჩაიგდო ხელში რუსთავი 2, არა მხოლოდ მთელი საინფორმაციო სივრცე დაემსგავსება ერთ დიდ „პრაგრამა ვრემიას“, ვისაც ახსოვს, ვისაც არ ახსოვს, შეუძლია იხილოს „2030“, თვითონ ქვეყანა დაემსგავსება ჩრდილოეთ კორეას. ამას გარდა, მოხდება სრული მონოპოლიზაცია ხელისუფლების.

“საზოგადოებას არ დარჩება არჩევანი, ბერკეტი ხელისუფლების საკონტროლოდ. ასეთ ვითარებაში ძალიან გულუბრყვილო იქნება ფიქრი, რომ ხვალ თქვენც არ წაგართმევენ ბიზნესს, საკუთარ საყვარელ საქმეს, ბინას, მანქანას, სხვა ქონებას. დიდი ალბათობით საქართველო ვერ მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ათასობით მოქალაქე ვერ ივლის ევროპაში. ჩვენ სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ რუსთავი 2-ს.

ჩვენ ცხოვრებაში უფრო მეტიც დაგვიკარგავს, არ ვგულისხმობ მატერიალურ ქონებას, სოხუმში აფხაზეთში, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ყველაფერი ამის დაბრუნების გზა გადის რუსთავი 2-ზე. ჩვენ ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს თუ არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, საქართველო. სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერ, თუ მას არ აქვს თავისუფალი მედია, ამ შემთხვევაში მისი ფლაგმანის – რუსთავი 2-ის გარეშე. თვითონ ის ფაქტი, რაც დღეს ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით უკვე მეტყველებს რა ფსკერზე იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ეს არ არის ძლიერი სახელმწიფოს მაჩვენებელი.

ასეთ ვითარებაში რუსთავი 2 არის ბოლო ბასტიონი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში, დომინოს პრინციპივით, ის მოგუდული რეაქცია, რომელიც დღეს გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებიდან, დარწმუნებული ვარ, გახდება ბევრად უფრო აქტიური. თვითონ ხალხიც ვერ მოითმენს ლეგიტიმაცია დაკარგულ ხელისუფლებას, უბრალოდ შეუძლებელია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მინდა ასეთი სცენარი ვიხილო ჩემს სამშობლოში,“ – აღნიშნავს გია ყარამანაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
შემდეგი სტატიასაარჩევნო შემოწირულობისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმეს