ჩვენ არ უნდა ვიარესებოთ, იმიტომ რომ ჩვენი არარსებობა კახა ოქრიაშვილისა და მისი ამფსონებისთვის მყარი გარანტიაა – შეირგონ ნაყაჩაღარი!…

მანანა ახვლედიანისტატია, რომელსაც ახლა კითხულობთ ეხება იმ განუკითხაობას, რომლის საფუძველიც საქართველოს ისტორიის არც თუ ისე შორეულ წარსულში დევს! ეს არის უმწვავესი თემა – წართმეული ქონება და დაპირებული სამართლიანობის უსამართლობა!
დეტალებზე „თაიმერს“ ესაუბრება მანანა ახვლედიანი:
_ ბევრი ლაპარაკით რომ თავი არავის შევაწყინოთ, საქმე ეხება 2003-2004 წლებში წართმეულ ქონებას, ეს არის მოქმედი და წარმატებული ბიზნესს და კერძო საკუთრება, მდებარე ქ.ქუთაისში, გრიშაშვილის 2-ში. საუბარია შპს ‘’მარგვეთზე“ და შენობაზე სადაც მისი ოფისი იყო განთავსებული. ეს ყველაფერი ჩემმა მეუღლემ, მერაბ მარგველაშვილმა, დაუზოგავი შრომისა და ჯოჯოხეთური ნერვიულობის საფასურად შექმნა 1996 წლიდან – 2003-04 წლებში.
_ მკითხველისათვის ნათელი რომ იყოს, საუბარია ფარმაცეპტულ ბიზნესზე…
_ დიახ. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ „გამარჯვებული“ ბიჭები მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაიწყო ჩემი ოჯახის დევნა! გამარჯვებით აღტკინებული და იმ დროისთვის უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი ფარმაცევტიული ბიზნესის მონოპოლისტად დაინიშნა. ერთპიროვნული მმართველობისთვის მას უბრალოდ ჭირდებოდა დასავლეთ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თავის დაქვემდებარებაში ყოლოდა. ამიტომ ‘’მარგვეთი’’ და მისი ქონება აუცილებლად უნდა ჩაეგდო ხელში. ანუ ზედმეტი რგოლი უნდა მოეშორებია. ჰოდა, ჩვენი დარბევა და წამებაც აქედან დაიწო… დაიწყო და დაიწყო…დღემდე არ დამთავრებულა და არც უჩანს დასამთავრებელი პირი.
_ თანმიმდევრობით მივყვეთ თემას…
_ საქართველოს პარლამენტის წევრმა 2003 წლიდან გარკვეულ პერიოდში ეტაპობრივად მიითვისა როგორც შენობა -ნაგებობა, ისე იქ განთავსებული მოქმედი და წარმატებული ბიზნესი და ამის გამო უამრავი ბოროტმოქმედება ჩაიდინა. ცხადია, ამ ქმედებების განხორციელებისას მარტო არ ყოფილა. მისი უპირველესი, საიმედო და ერთგული დასაყრდენი იყო საქარველოს პროკურატურა. ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობას ვუწევდით წინააღმდეგობას, თუმცა დღემდე ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ გარდა მუქარისა, დარბევებისა, შეურაცხყოფისა… იყო შუაღამით ნიღბიანების და ავტომატიანების შემოვარდნა, ჩხრეკები ბინაზე, უკანონო პატიმრობა, ცრუ საჩივრები, ცრუ სს საქეების შეთხზვა, ცრუ ბრალდებები… დაუსრულებელი საგამოძიებო და ასევე დაუსრულებელი სასამართლო პროცესები, რომლებიც ყოვეთვის მთავრდებოდა უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებებით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ცხრა წლიანი რეპრესიები მთელი თავისი ატრიბუტებით და მომხიბვლელობით ასე თუ ისე გადავიტანეთ.
_ დღეს რა ხდება?
_ თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეისთვის ვართ საქართველოსავით იავარქმნილი და გადავლილი მდგომარეობით, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ და ერთი წუთით არ ვკარგავთ იმედს, რომ შედეგს უსათუოდ მივიღებთ, უსათუოდ…
2013 წლის 10 ივნისს ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და აღიძრა სს საქმე N041 10061 13003 . საქ. სს კოდექსის 1890-ე მუხლის პირველი ნაწილით, მერაბ მარგველაშვილის ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. იმ მომენტში გაჩნდა მცირედი იმედი იმისა, რომ გვეშველებოდა და ჩვენი ნანატრი სამართალი გამოჩნდებოდა. „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“ – დიდი ხანია ჩვენი გულუბრყვილო სიხარული სასაცილოდ ჩანს. სს საქმის აღძვრა აღმოჩნდა მორიგი ფარსი და აფერა, კარგად გააზრებული და მიზანდასახული. განცხადება და სს საქმის აღძვრის დადგენილება, თანდართული მასალებითურთ სასწრაფოდ წაიღეს ქ. თბილისში ვითომდა გამოსაძიებად. გარკვეული დროის მანძლზე ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის გაყოფილებაში ეგდო თაროზე და მტვერი ჭამდა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ რატომღაც ქ. ქუთაისში გადმოისროლეს, თუმცა თანდართული მასალები სადღაც დარჩა. როგორც იქნა ეს მასალები მოიძებნა თუმცა საქმე შემდგომში კვლავ ‘’წაიღო“’ თბილისმა და ამჯერად ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორ მაკა გაგიევბას ჩაბარდა. დღეისთვის შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქალბატონი მაკა თამაშობდა გულმოდგინე გამომძიებლის როლს. პერიოდულად მიგვითითებდა, რომ გამოძიების სირთულის გამო ამავე რაიონის პოლიციის სამმართველოც (ცნობილი ვაჟა ლელუაშვილის სამფლობელო) აწარმოებდა საგამოძიებო პროცესს… როცა საგამოძიებო პროცესი ოდიოზურად გაიწელა და მოვითხოვეთ გარკვეული პასუხები, ქალბატონი მაკა გაგიევა საოცრად მოქნილად შეიცვალა და გამოიტანა დადგენილება – სს დანაშაულის არარსებობის გამო სს საქმე დაიხურა.
_ „მისასალმებელია“ პროკურატურის პოზიცია…
_ თუმცა ეს უფრო მეტი ოყო, ვიდერე პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი დაიბლოკა და დადუმდა… ფატქიურად ჩვენ საერთოდ აგვეკრძალა არსებობა. ასევე მომენტალურად შეწყდა ქალაქში მოარული ხმები, რომ ჩვენ წართმეულ ქონებას გვიბრუნებდნენ. არანაირი კანონი, არანაირი სამართალი… უბრალოდ იმის ღირსიც არ გაგვხადეს, აეხსნათ თუ რომელი ფაქტის ან რა ნაწილში ვერ მოხერხდა დანაშაულის არსებობის აღმჩენა, მიუხედავად იმისა, რომ სამი წელია ვიბრძვით რაიმე განმარტებითი პასუხის მისაღებად. უამრავი კითხვა არსებობს და საერთოდ პასუხის გამცემი არავინ არ არის. დღეის მდგომარეობით ცალსახად შეიძლება გაცხადება, რომ სს საქმის აღძვრა იყო მორიგი ფარსი და თაღლითური აქტი. ეს მოხდა ჩვენს მოსატყუებლად, ვითომდა გამოძიების მიზნით. საქმე და საერთოდ საქმის მასალები ‘’ათრიეს’’ თბილისსა და ქუთაისს შორის.პროცესი გააჭიანურეს დროში,ამოწურეს ყველა შესაძლებლობა და ვითომდა ობიექტურობის ნიღაბს ამოფარებულებმა, ვითომდა კანონის აღსრულების წესის დაცვით მიიღეს ‘’შეუვალი’’ გადაწყვეტილება. ასევე ფარსია და აფერა რომ სს დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და ამის გამო სს საქმე დაიხურა.
_ ანუ თქვენ ამბობთ რომ პროკურატურამ ხელი დააფარა ოქრიაშვილს, „პე-ეს-პეს“ მფლობელს.
_ დიახ, ოქრიაშვილს რომელმაც წაგვართვა ბიზნესი და ქონება. რეალურად არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების მთელი ჯაჭვი, რომელსაც უბრალოდ არსებული დოკუმენტური მასალებისა თუ თვითმხილველების არსებობის გამო ვერავინ გაექცევა. ფაქტიურად ყველაფერი გაკეთდა იმისათვის,რომ კიდევ ერთხელ ‘’ჩაგვრეცხეს“, დაუნდობლად მოგვისპეს ყველანაირი შესაძლებლობა დავიბრუნოთ წართმეული ქონება. ყველაზე მთავარი უბედურება არის ის, რომ მიზანმიმართულად და წინასწარ განზრახვით შეგვზღუდეს და ყველანაირი შანსი დაგვაკარგვინეს მივმართოთ მთავარ პროკურატურაში, სწორედ ჩვენი მსგავსი ფაქტების გამო სპეციალურად შექმნილ სამართალ წარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულებების გამომძიებელ დეპარტამენტს. მართალია ეს დეპარტამენტი ახდენს მსგავსი საქმეების გამოძიებას და წართმეული ქონებების დაბრუნებას და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, მაგრამ ჩვენი ქონება ამ გზით ვერანაირად ვერ დაბრუნდება, ვინაიდან ვერასდროს მივაღწევთ ამ დეპარტამენტამდე. ცხადია ეს ყველაფერი წინასწარ მომზადებული და კონკრეტული პირებისაგან წინასწარ გათვლილი მორიგი თაღლითური სქემაა. ხდება წლების განმავლობაში ჩადენილი განვრცობადი დანაშაულის დამალვა. კახაბერ ოქრიაშვილისაგან ბოლო შემონათვალი ასეთია -‘’ვერც ბიზნესს და ვერც შენობას ჯერ ვერ დავაბრუნებ, იმიტომ რომ ჯერ ეს ქონება მე მჭირდება“, თუმცა დუმილის სანაცვოდ რაღაც მიზერული თანხის გადახდაზე უარი არ უთქვამს. საინერესოა რატომ ფიქრობს იგი,რომ ჩვენი პატიოსანი შრომით შეძენილი ქონება ჩვენ არ გვჭირდება და რადგან ამ ქვეყანაში კანონი მის ხელშია, ამიტომ უნდა ველოდოთ როდის მოიყირჭებს ავაზაკურ მოთხოვნილებებს. არადა კრავის ქურქში გახვეული აცხადებს, რომ ‘’სახელმწიფოს აშენებს’’. რა სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი,სატირალი რომ არ იყოს?!. დაახლოებით ორიოდე კვიროს წინ palitra-news-ის საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოს მთავარი პროკურორი ბ/ნი ირაკლი შოთაძე იმყოფებოდა, სადაც საუბარი შეეხებოდა პარლამენტის წევრებს რომლებიც იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ლობირებენ საკუთარ ბიზნესებს. სხვათაშორის, დასახელდა კახაბერ ოქრიაშვილიც. იქვე აღინიშნა რომ მისი შენატანი (ალბათ ბიუჯეტში) წარმოადგენს 5,7-8 მილიონ ლარს. სიმართლე გითხთათ გაოცებისაგან დავიბენი და უსამართლობისაგან ავტირდი. 5,7-8 მილიონი ლარი (თან ლარი) ვინმეს ფული ჰგონია და სერიოზულ თანხად მიაჩნია?!
_ ფარმაცევტულ ბიზნესში, როცა წამლის ფასები კატასტროფულად იზრდება.
_ დიახ, რა არის ეს? უმეცრება და საქმის უცოდინარობა თუ შეგნებულად თვალის დახუჭვა და ავაზაკისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა რომ ინებივროს და ნება-სურვილზე ითარეშოს?! ნუთუ მართლა არავის აინტერესებს რა ხდება ფარმაცევტიულ ბიზნესში?!.ნუთუ ვიღაცას მართლა ჰგონია რომ ამ სფეროს სამზარეულო სუფთაა და გამჭვირვალე?! ნუთუ მართლა ვერავინ ხვდება რომ საშიშ კრიმინალთან გვაქვს საქმე?!. და თუ ვხვდებით და ვიცით,რა ხდება?!. გვეშინია მისი?!.
_ ვინ ლობირებს ოქრიაშვილი?
_ ცხადია, კახებერ ოქრიაშვილი მარტო არ არის. ჩემი მხრივ მის თანამდგობთა და თანამოაზრეთა შორის შემიძლია დავასახელო – ზურაბ ადეიშვილი, გიგი წერეთელი, გივი თარგამაძე და არა მარტო ესენი…თუმცა, ეს არც არავის აინტერესებს და თუ აინტერესებთ მხოლოდ იმიტომ, კიდევ უფრო ლამაზად და მაცდურდ შეფუთონ მათი ათასჯერ გაშიშვლებული, სამარცხვინო სახეებიც და საქმეებიც. სამწუხაროდ არ ველოდები, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ რამე ჩვენს ცხოვრებაში დადებითისკენ შეიცვლება. პირიქით. ჩვენი ისედაც დარბეული და განადგურებული ყოფიერება კიდევ უფრო დამძიმდება. ჩვენ ირგვლივ დახლართული ინტრიგებიც კიდევ უფრო დაიხლართება. ფარული რეპრესიებიც კიდევ უფრო აუტანელი გახდება, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ნუ, როგორიცაა შუა ზამთარში ბუნებრივი აირის და ელ.ენერგიის გათიშვა… ოჯახის ერთადერთი შემოსავლის,სოციალურად დაუცველისათვის განკუთვნილი თანხის შეწყვეტა… ცნობილი ფაქტია რომ ამა წლის თებერვლის თვეში იპოთეკის გამო მოხდა ჩვენი გამოსახლება (წმ სამების მეორე შესახვევი 18) კერძო სახლიდან, მიუხედვად იმისა, რომ იპოთეკარების თაღლითური საქციელლის გამო სს საქმეც აღძრულია (2012წლის ოქტომბერში) და ისედაც ყველასათვის ცნობილია რა დაუზოგავ აფერისტებთან გვაქვს საქმე, კაციშვილი პატრონი არ ჩანს, „მიმდინარეობს გამოძიება“ და დამთავრდა..
_ ვნახე თქვენი გამოსახლების კადრები, საშინელება იყო…
_ არადა სწორედ ამ გამოსახლების გამო ჩვენი ისედაც არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა,კიდევ უფრო საშინელ დღეში აღმოჩნდა. ჩემმა მეუღემ ინსულტი მიიღო, ხოლო მე საერთოდ შემეზღუდა მოძრაობის უნარი… ჩვენს ირგვლივ არსებული მდგომარეობა განპირობებულია არა ჩვენი სიზარმაცით ან უნიჭობით, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით, რომლებსაც არ სურთ წართმეული ქონების დაბრუნება. დიახ. ცალსახად და მტკიცედ ვადასტურებ – ჩვენ ვართ კონკრეტული პირებისაგან შექმნილ ვაკუუმში, ამ ვაკუუმს ქვია ეკონომიკური ბლოკადა. ჩვენ არ უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა ავიყვანოთ ადვოკატები, ჩავატაროთ აუდიტორული შემოწმებები, ექსპერტიზები, მივმართოთ პრესას, ტელევიზიას.. ჩვენ არ უნდა ვიარესებოთ, იმიტომ რომ ჩვენი არარსებობა კახა ოქრიაშვილისა და მისი ამფსონებისთვის მყარი გარანტიაა – შეირგონ ნაყაჩაღარი…. ასე ვეღარ გაგრძელდება.. ეს უბრალოდ შეუძლებელია !!!…
ცხადია განადგურებული ჯანმრთელობისა და უფრო მეტად განადგურებული ეკონომიური პირობების ფონზე ძნელია ასეთ ვამპირებთან გამკლავება, მაგრამ ყველას გასაგონად ვაცხადებ – უკან არ დავიხევ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ჩემს ქონებას მაინც დავაბრუნებინებ თაღლითებს. მახსოვს ბოლოს საქართველოს პარლამენტში შემთხვევით მისულს, ფოიეში შემომეფეთა კახა ოქრიაშვილი. რას აპირებ, როდემდე უნდა მამწარო და მარბენინოთქო, – ვკითხე, – შენ რა გინდა პარლამენტში ყაჩაღი ხარ და თაღლითო-თქო. არც დაფიქრებულა.მომენტალურად დასარტყმელად გამოიწია. მართალია იქ მყოფი ადამიანების აღშფოთების გამო დარტყმა ვეღარ გაბედა,მაგრამ ისეთი ბილწი სიტყვებით მაგინა,ყურში არ გაიგონებოდა. თვალები ვირთხასავით გადმოეკლაკა, ტუჩები ააცმაცუნა. მასში მომენტალურად გაიღვიძა ავაზაკმა. ცუდად გავხდი. რა უნდა ამ ქუჩის ბიჭს საქართველოს პარლამენტში?!. როდემდე უნდა რყვნიდეს ქვეყანას?!. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დახმარება აღმომიჩინეს.
ძნელი, ძალიან ძნელია ავაზაკებთან ლამის თხუთმეტწლიანი ხელჩართული ომი. მითუმეტეს, იქ, სადაც კანონი უბრალოდ არ არსებობს და სიმართლეს და პატიოსნებას ჩალის ფასიც აღარ აქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ – არ დავთმობ !!!… ჩვენ ყველაფერი ცოდნით, ნიჭით, პატიოსანი შრომით გვქონდა შეძენილი. ეს ადვილი არ იყო. ან რომ დავთმო ვის უნდა დავუთმო?!. კრიმინალებს?!. ისინი ატყუებენ ყველას, ხალხს, საქართველოს პარლამენტს, მთავარ პროკურატურას, შს სამინისტროს, სახალხო დამცველს, პრესას, ტელევიზიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს… შინ და გარეთ საქართველოს ანგრევენ, ანადგურებენ. ანადგურებენ ადამიანებს. დასცინიან სულიერ ღირებულებებს… აბუჩად იგდებენ მთელ სამყაროს და ამით ნეტარებენ ისევე როგორც ნაყაჩაღარი ქონებით. დიახ, მე ვიბრძოლებ ბოლომდე, თუნდაც ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. არადა ხშირად კრიტიკულ მომენტში მაგრძნობინებენ რომ სიკვდილი ძალიან ახლოსაა და არ დაგვზოგავენ… აკი არც დაუზოგივართ …

დალი კალანდაძე

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში(video) რადას დეპუტატის თქმით, პორნოს ყურება რადას სხდომის დროს, ძირითადი ინსტინქტია
შემდეგი სტატიადავით კინწურაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის კოლეგიის წევრები გაათავისუფლა