“ჩვენ არ გვეშინია!”-“აუდიტორია 115” მათზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს

აუდიტორია 115-ის წევრები სპეციალურ განხადებას ავრცელებენ და პრეზიდენტს, მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი დაცვისკენ მოუწოდებენ. სტუდენტები მათზე და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“აუდიტორია 115-ის წევრებზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ყოველდღიურად მიდიან აქტივისტების ოჯახის წევრებთან, რომელთაც აშინებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის წევრები არ დაანებებენ თავს აქტიურ ბრძოლას ოდეერების წინააღმდეგ, მათი ახლობლები გათავისუფლებიან სამსახურიდან, ან მათ დაიჭერენ. მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ღიად ვერ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, დღეს ნათია ქარჩილაძის ოჯახზე განხორციელდა მუქარა, რომ თუ ის არ ჩამოშორდება აუდიტორია 115-ს, მაშინ მამამისი გათავისუფლდება სამსახურიდან.

მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დაცვა. ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, არსებობას განაგრძობს დღესაც.

აუდიტორია 115 იწყებს ბრძოლას პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვიბრვით თავისუფალი საზოგადოებისთვის! ჩვენ არ გვეშინია!”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში ავტობუსის აფეთქების შედეგად ოცი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია(video) ალმას ჯაპუა პარლამენტს უპირისპირდება-რა ხდება ამ წუთებში სოხუმში