“ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირებული, მუხლებზე დაჩოქილი საქართველო, ჩვენ გვჭირდება წელში გამართული ქართველი კაცი”

ერთი მხრივ, ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორე მხრივ კი, ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი მთავრობა არის ერთადერთი და ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის საქართველოს ინტერესებიდან და, რომლის მიზანია მოქალაქეების განვითარება უსაფრთხო გარემოში.

„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსასფრთხოება ვერ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობა არის ერთადერთი და ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის საქართველოს ინტერესებიდან და, რომლის მიზანია მოქალაქეების განვითარება უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც თქვენ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სურს, არის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც შეძლებს ამ მიზნების განხორციელებას. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება გახლეჩილი საქართველო, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირებული საქართველო, ჩვენ არ გვჭირდება მუხლებზე დაჩოქილი საქართველო, ჩვენ გვჭირდება წელში გამართული ქართველი კაცი, ქართული ოჯახით, რომელიც ჩვენ ქვეყანს განავითარებს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება
შემდეგი სტატიადემოკრატებზე გაბრაზებული ობამას ძმა ხმას ტრამპს აძლევს