ჩოლოქის ხიდი–სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩოლოქის ხიდი–სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც “თაიმერს” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, თუმცა ზვავსაშიშროების რეჟიმი ისევ რჩება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი ასევე მოიხსნა გომბორის უღელტეხილზე და ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისათვის, გურიის რეგიონში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე.

გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მძღოლი პორნოს ყურებისას დაიღუპა
შემდეგი სტატიაირანელმა მეზღვაურებმა ამერიკული გემი სწავლების ზონიდან გააგდეს