ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან – ჩუგოშვილი

მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ჩუგოშვილი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასაც ეხმაურება და მას მადლობას უხდის.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.

რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე.

თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.

მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ“, – წერს ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა