,, ჩემთან თუ მოვიწვევ სადმე, იქ მოვლენ თუ არა, სხვა თემაა, მაგრამ როცა საქმე პარლამენტის ბიუროს ეხება, ვცეთ ერთმანეთს პატივი”

პარლამენტი ჩემი დაწესებულება არ არის – ჩემთან თუ მოვიწვევ სადმე, კერძო საქმეში, იქ მოვლენ თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ როცა პარლამენტის ბიუროს თუ პარლამენტის სხდომას ეხება საქმე, ვცეთ ერთმანეთს პატივი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკისთან კამათის მიზეზი, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომას ეხებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა.
“შიდა საპარლამენტო, საორგანიზაციო საკითხები უამრავია. ბევრჯერ ყოფილა – ხან კვორუმი ვერ შეკრებილა, ხან ვერ შევკრებილვართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა კანონის მითითებულ ვადებში სხდომის ჩატარება-ვერჩატარებას. იმდენი მესმის, რომ ამ პარლამენტში, ბიუროზე უმრავლესიბა იქნება თუ არ იქნება, უნდა ველაპარაკო “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თორემ მიშა მაჭავარიანს რამდენიც გინდა ველაპარაკო, კაცი აცხადებს, ბოიკოტზე ვარო. ზუსტად ამიტომ მქონდა გია ვოლსკისთან წინასწარ, ოთხი-ხუთი დღით ადრე შეხვედრა, მსჯელობა, განხილვა იმისა, ბიურო პარასკევს ჩავატაროთ თუ ორშაბათს. დიახ, გია ვოლსკისთან შევთანხმდით, რომ ბიუროს სხდომას ორშაბათისთვის მოვახერხებდით, ამიტომ ორშაბათს დაინიშნა ბიურო. ესეც მესმის, რომ შესაძლოა არ იცოდნენ, რომ ორშაბათს სხვა ღონისძიება იქნებოდა, მაგრამ ასეთ დროს არსებობს ხოლმე გამოსავალი, როდესაც არავინ იქნება დაზარალებული. არ მგონია, რომ ეს იყო შეგნებული ბოიკოტი. მე არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი საქმე აღმოაჩნდათ და ესეც მესმის, მაგრამ ასეთ დროს არსებობს მარტივი გამოსავალი, როდესაც ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს და როგორც ერთად დავგეგმეთ ჩატარება, ასევე ერთად ვგეგმავთ მის გადადებას. მე მხოლოდ ეს მივუთითე ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს მიიღეს ძალიან ისე – ცოტა არ იყოს შეშფოთდნენ, რატომ ვუსაყვედურე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომლის უპასუხოდ დატოვება ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება
შემდეგი სტატიასიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა