,,ჩემს წინააღმდეგ “ნაცმოძრაობა” და მასთან სულიერად ახლოს მდგომი ძალები მოქმედებდნენ”

რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი მიზანმიმართული მარგინალიზაცია, საკმაოდ დესტრუქციული, მართული ძალების მიერ, – ამის შესახებ ვეტარანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ “ანტისახელმწიფოებრივი ძალები, კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან “სულიერად ახლოს მდგომი” პოლიტიკური ძალები მოქმედებდნენ” და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსის გადადგომა გარდაუვალი იყო.

“მე თავად რომ არ გავმხდარიყავი შემაფერხებელი ყოველივე იმ სიკეთის დაწყების, რაც ასე სჭირდებათ ვეტერანებს და მეტი საშუალება რომ ჰქონოდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ის მართლაც სასიკეთო საქმეები, რაც დაიწყეს მეტი წარმატებით განეხორციელებინათ, მივიჩნიე, ჯობდა მე დამეტოვებინა თანამდებობა და მიმეცა ხელისუფლებისთვის საშუალება უფრო თავისუფლად განეხორციელებინა საქმიანობა”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა მას გადადგომასთან დაკავშირებით და ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

შიხიაშვილის განცხადებით, მას შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა.

“მე შეგნებულად ვთქვი უარი, რადგან არ მინდოდა გამოჩენილიყო რომ რაღაც ვერ გავაკეთე და გავერიდე ან ისე გამოჩენილიყო, ჩემი პირადი დასაქმებით უფრო ვიყავი დაინტერესებული, ვიდრე იმ საქმეებით რაც ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანია”, -განაცხადა შიხიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, როგორიცაა ვეტერანების სამედიცინო მომსახურება, მათი დასაქმება და ა. შ.

შიხიაშვილმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მომავალ უფროსს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას პრემიერი თავად წარადგენს.

შიხიაშვილმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ დატოვა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) დავით უსუფაშვილი – ვინ როგორ დავლაგდებით, მალე შეიტყობთ
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძის შეფასებით, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით საქართველოში არც ისე კატასტროფული სიტუაციაა