ჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება

მე და ზაზა სარალიძე ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თანადგომით, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები დაისაჯოს, მე შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს და ჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მან რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

მაჩალიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მისი და ზაზა სარალიძის გვერდით დგას.

„ძვირფასო ძმებო, ჩვენ დღეს ვხედავთ, რაც რუსთაველზე ხდება. მე და ზაზამ სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აღმოვფხვრათ. ჩვენ რომ გაგვამწარეს, ისე არ გაგამწაროთ თქვენ და ჩვენ ამას მივაღწევთ, ყველა ის ჯგუფი უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში, სუს-ის ზემდგომები. გომელაური, გოგაშვილი, სპეცრაზმელი, ის ადამიანები, ვინც ზაზას ბავშვის სიკვდილს ხელს აფარებდნენ.

მადლობა მთელ საქართველოს, რომლებიც ამ მძიმე წუთებში მე და ზაზას გვერდით დაგვიდექით. ჩვენ ერთნი ვართ და ყოველთვის ვიქნებით ერთნი, ჩვენ პანკისის ხეობის ქისტები, ბევრი პატრიოტი, ბევრი მწერალი, სპორტსმენი თქვენს ხელში, ქართველების ხელში გავიზარდეთ. ჩვენ იმიტომ ვართ ერთნი და ვიქნებით ყოველთვის ერთნი. ჩვენ ერთმანეთს ვერავინ დაგვაშორებს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძესთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.

„პანკისის ხეობაში რაც მოხდა, საზარელი, ასეთ სასტიკი მკვლელობა, მოხდა იმისთვის, რომ ქართველი და ქისტი ხალხი ერთმანეთისგან დავეშორებინეთ. ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ამ სამშობლოს შვილები ვართ. მე და ზაზა ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თანადგომით, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები დაისაჯოს, ყველამ ამოყოს ციხეში თავი. მე აღარაფერი გამაჩერებს, შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს და ჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება.

მე ის მიხარია ყველაზე მეტად, რომ მთელი საქართველო დაგვიდგა გვერდით. მადლობა ყველას. ყველა რესურსებს იყენებენ, რომ ჩვენში განხეთქილება ჩააგდონ, მაგრამ ყველამ ვიცით, ვისაც ძმობა გვაკავშირებს ერთმანეთს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მარგუნა სისხლის ზღვა, ტყვიაგაჭედილი შუბლში. რადგან ჩვენნაირებს უკან დასახევი გზა არ გაქვს, ვიდგებით, ვიდრე არ დაისჯება ყველა დამნაშავე და არ იქნებიან ციხეში“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალი მთავარი პროკურორი ხალხმა აირჩიოს (video)
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში არიან