“ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა”

ასეწშინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძე ახმედ ჩატაევის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრობს.

გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირი იყო. ის ჩატაევის დაკავებას და ლაფანყურის სპეცოპერაციას “რუსთავი 2”-ის ეთერში დეტალურად იხსენებს და აცხადებს, რომ თავდაპირველად ჯგუფს სამართალდამცავ ორგანოსთან მოლაპარაკება შესთავაზეს იმ მიზნით, რომ გარკვეულიყო, თუ რა მიზნები ამოძრავებდა შეიარაღებულ ჯგუფს. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოსთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

„როდესაც ინფორმაცია შემოვიდა, რომ ლაფანყურის ტყის მასივში აღმოჩენილ იყვნენ შეირაღებული პირები და იყო ინფორმაცია, რომ მიდიოდნენ რუსეთისა მიმართულებით საზღვრისკენ, ეს ჯგუფი შეჩერებული იყვნენ ჩვენს მიერ.

შემდეგ, იძულებული ვიყავით მოლაპარკებებში ჩაგვერთო ვინმე ისეთი პირი, ვისაც ისინი უფრო მოუსმენდნენ. იმ პერიოდში ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში და ჩატაევი და ზელიმხან ხანგოშვილი ჩემი თხოვნით ჩაერთვნენ მოლაპარაკებაში, ავიდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ჯგუფი იმყოფებოდა, შემდეგ დაგვიკავშირდნენ ზელიმხან ხანგოშვილი და ჩატაევი და თქვეს, რომ ჯგუფთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი ამბობნენ რომ, ჩვენ მუსულმანები ვართ და იარაღს ვერ დავყაროთო. მთლიანობაში იყო პასუხი, რომ ჯგუფი არ აპირებდა არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლას. ჩატაევმა განაცხადა, რომ ისიც არის მუსულმანი და ვერ დატოვებს თავის მუსულმან ძმებს და იძულებულია, დარჩეს და მანაც მიიღოს ყველა იმ მოვლენებში მონაწილეობა, რომელიც შედეგ განვითარდებოდა. მე განვუმარტე, რომ, თუ ის დარჩებოდა, ის გახდებოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრი და მის მიმართაც გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება,“ – განაცხადა გია ლორთქიფანიძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში.

ლორთქიფანიძის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 2 დღის შემდეგ ჩატაევი დაკავებული იქნა მესაზღვრეების მიერ და ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ჩატაევს თან ჰქონდა ხელყუმბარა. მისი თქმით, ახმედ ჩატაევის მიმართ ისევე, როგორც შეირაღებული ჯგუფის სხვა წევრების მიმართ, გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გია ლორთქიფანიძე მთავრობის წევრების იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მტკიცებულების არარსებობის გამო, აცხადებს, რომ ჩატაევი თავიდან ბოლომდე მონაწილეობას იღებდა შეირაღებულ დაპირისპირებაში.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა”.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ფრანგი პოეტი ივ ბონფუა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევს “ნაციონალური მოძრაობის აგენტს” უწოდებს