ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი წევრის მიმართ.
საუბარია, 28 აპრილს, ცესკოში შემოსულ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტზე, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების (№49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრია კურასპედიანი, ამავე კომისიის მდივანი ნანი ქუთათელაძე და წევრი ნუკრი იმედაძე) წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას. განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებულ მტკიცებულებებზე (ფოტო მასალა) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები, მოკვლევის მასალებთან ერთად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნა.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ზემოხსენებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დამრღვევი პირის 2000 ლარით დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ხოლო სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.

banner
წინა სტატიაშისაპარაშუტო კურსის გამოშვება
შემდეგი სტატია“პრემიერის განცხადების შემდეგ, ალბათ არც უნდა ვიყო საარჩევნო სიაში,” – თამაზ მეჭიაური