ცესკოს მედია საშუალებებით გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებას გააცნოს პოზიცია ბოლო პერიოდში ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებულ გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციებზე აუდიტის ანგარიშისა და გამოძიების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2014 წლების ანგარიში შეიცავს მხოლოდ ცალკეულ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ცესკოს ფინანსური ოპერაციების შესახებ და მასში საერთოდ არაა ნახსენები რაიმე სახის კანონდარღვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან. აუდიტის ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებების უდიდეს ნაწილს ცესკო არ ეთანხმება და მათ უკვე გასცა დასაბუთებული პასუხი შესაბამისი წესით (აუდიტის ანგარიშისა და ცესკოს არგუმენტირებული პასუხის გაცნობა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე (http://www.cesko.ge/). ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არც მიუმართავს საქართველოს პროკურატურისთვის.

ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ გრანტების ნაწილში, რის თაობაზეც პროკურატურამ ოფიციალური წერილით მიმართა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს“ და გაითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებამდე, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც გრანტების ნაწილის, ისე ანგარიშში ასახულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც უახლოეს დღეებში გაიმართება.

საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტი სიცხადისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, კანონით დაშვებულ ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რათა არ გაჩნდეს პროცესების არასასურველი ინტერპრეტირების შესაძლებლობა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე არასამთავრობო სექტორის მიმართ.

საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ღია ინსტიტუცია დაინტერესებულია პროცესების ობიექტურად, გამჭვირვალედ წარმართვით და მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პირთან და უწყებასთან, რათა სრულყოფილი პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. ამასთან, ცესკო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციების მედია საშუალებებით გავრცელებისგან, რამდენადაც ყოველი ასეთი ქმედება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციის, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესისა და ქვეყნის იმიჯს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ რისკს შეიცავს
შემდეგი სტატიადავით მესხიშვილი: ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი ევაკუაციას უნდა დაექვემდებაროს