ცესკო: სამართალდამცავები შესაძლო დარღვევების ვიდეომასალით უნდა დაინტერესდნენ

საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით ცესკომ განცხადება გაავრცელა. ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მასალებში ასახულ სავარაუდო დარღვევებს ცესკო უკვე ვეღარ შეისწავლის, რადგანაც დარღვევების შესწავლის ვადა გასულია, თუმცა ცესკო სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ ისინი ამ შემთხვევებით დაინტერესდნენ.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ცალკეულ ვიდეო-მასალებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ არც ერთი აღნიშნული მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში განხილვისა და კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად გამოკვლეულ იქნას თითოეული შემთხვევა – დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეოების შესწავლა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეო მასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ №68.79.46 უბნის კომისიის ცალკეულ წარმომადგენელთა ქმედების შესასწავლად, როგორც მოქმედი თანამშრომლების მიმართ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა, დისციპლინური წარმოების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მსგავს ფაქტებზე აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას,”– წერია ცესკოს განცხადებაში.

20 ოქტომბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნებში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთა. საუბარია ხმის მიცემის პროცესის ფარულობის დარღვევასა და საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაციაზე, ასევე, ქართული ოცნების კოორდინატორების მხრიდან ხმის მიცემის პროცესში ჩარევასა და ათასზე მეტი ბიულეტენის უსაფუძვლოდ გაბათილებაზე. დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემაც გაავრცელა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, 21 ოქტომბერს კი დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ სმოლენსკის კატასტროფის დღეს დონალდ ტუსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა
შემდეგი სტატიარუსეთ-თურქეთის ,,ძმობას,, ისევ ბზარი შეეპარა… რუსეთის ახალი მუქარა