ცესკო-ს განკარგულება: 20 პარტია 9 მილიონი ლარის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა.

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები: „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – წლიური დაფინანსება 536,572 ლარი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 598,698 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 2,082,238 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 512,196 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,122,526 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 895,726 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, – 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.

ჯამში აღნიშნული 20 პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,739,296 ლარს მიიღებს.

პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, აქამდე დაფინანსებას 11 პარტია იღებდა და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას 11-ვე ინარჩუნებს. ეს პარტიებია: – “ქართული ოცნება“, “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “პატრიოტთა ალიანსი“ და “ლეიბორისტული პარტია“.

აღნიშნული პარტიებიდან ის სუბიექტები, რომელთაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე ნაკლები მიიღეს, დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეინარჩუნებენ.

ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს ემატება – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში შემავალი პარტიები: “ტრადიციონალისტები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი “ევროპული საქართველო“. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის “სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო“.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაგაერო: სირიაში მილიონამდე ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ არის