,,ბრმებისთვისაც ნათელი ხდება, რომ ოკუპაციის პირობებში არავითარი “დალაგება” რუსეთთან არ და ვერ მოხდება”

“ევროპულმა საქართველომ” აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, გლდანში, ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და პროპაგანდის შესახებ გამოფენა გამართა.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ეს გამოფენა საზოგადოებისთვის ოკუპაციის შეხსენებაა, “განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც რუსული ფაშიზმი საქართველოშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი და სამწუხაროდ, ნოყიერ ნიადაგს ჰპოვებს იმიტომ, რომ ხშირად ის წახალისებულია დღევანდელი ხელისუფლების მიერ”.

რუსული ოკუპაციის კონტექსტში უგულავა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პიტინის აფხაზეთში მოსალოდნელ ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა:

“მე მგონი, უკვე ბრმებისთვისაც ნათელი ხდება, რომ არავითარი დალაგება რუსეთთან არ და ვერ მოხდება იმ პირობებში, როდესაც მკაფიოდ არის ოკუპანტი. ეს ქუჩური ტერმინები საერთაშორისო პოლიტიკაში არ მუშაობს. რაც უფრო მკაფიოდ გააცნობიერებს ჩვენი ხელისუფლება, რომ „ბაბაიას“ ძახილი არაფრისმომტანია და რომ საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში უკრაინასთან ერთად, მით უფრო შევძლებთ ასეთი მოვლენების პრევენციას. დაუსჯელობა ყოველთვის ახალისებს აგრესორის ქმედებას. შესაბამისად, ერთი ვიზიტი შეიძლება თავისთავად არაფერს ცვლის, მაგრამ ამის ნათელი გამოვლინებაა. საქართველოს საკითხი უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში”, – განაცხადა უგულავამ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით კი, რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას აქვს საუკუნოვანი ისტორია, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და ვერც ვერასდროს მიაღწევს.

“ეს გამოფენა არის ასევე იმის ისტორია, როგორ შეძლო საქართველომ მიუხედავად რუსეთის ასეთი აგრესიისა, შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა. შეძლო იმის ხარჯზე, რომ ადამიანებმა შესწირეს თავი და ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა თაობა არის მოვალე იმისა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას აქვს საუკუნოვანი ისტორია, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და ვერასდროს მიაღწევს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, აღნიშნული გამოფენა ხვალ ენგურის ხიდზე გადაინაცვლებს.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი საქართველო” არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი კანდიდატების წარდგენისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასვანეთში სპეცტექნიკას ელოდებიან – მაშველები ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლს ეძებენ