ბოტანიკური ბაღის სტატუსის შესახებ კულტურის მინისტრი განმარტებას აკეთებს

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

ბოტანიკური ბაღის საკითხთან მიმართებით, ოპოზიციის მხრიდან დავის ერთ-ერთი კომპონენტი არის ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ოპოზიციის განცხადებით, ბოტანიკური ბაღი ამ სტატუსის მატარებელი იყო. ამ ფაქტს კი არ ადასტურებს კულტურის მინისტრი. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2 000 წელს დადგინდა:

„ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2 000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი სამწუხაროდ არ გაკეთებულა, შესაბამისად ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით, რომელიც 2 000 წელს დადგინდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით გაკეთებული გეგმით, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად ეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიის ნაწილი არ ყოფილა და ამდენად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მასზე არ ვრცელდება“, – განაცხადა გიორგაძემ.

კულტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მას შესაძლოა პარლამენტში მისვლა მოუწიოს, ამ შემთხვევაში კი მისივე განმარტებით, იგი იმავე კომენტარს გააკეთებს:

„თუ მე მომიწევს მისვლა კომიტეტში, მე იმავე კომენტარს გავაკეთებ, თუ მიმიწვიეს, რა თქმა უნდა მივალ“, – დასძინა გიორგაძემ.

ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილება და 29 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისება იქნება მთავარი თემა, რომელზეც დღეს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე ისაუბრებენ. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციას კითხვებზე პასუხების გასაცემად მიწვეული ჰყავს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის მერიიდან და მთავრობიდან.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გიგლა აგულაშვილი მივიდეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით კი ეს არის ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის მცდელობა, მათივე განმარტებით, ბოტანიკური ბაღის საქმეზე აუცილებელია მეტი დისკუსია.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, მას ყველა სტრუქტურის წარმომადგენელი ჰყავს მოწვეული, ვისაც კი შესაძლოა რაიმე სახის შეხება ჰქონდეს ბოტანიკურ ბაღთან. თუმცა, უცნობია დაესწრება თუ არა კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვის მინისტრი.

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბოტანიკური ბაღის თემის განხილვა გარემოს დაცვის კომიტეტზე 15:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მომწონს ეს შენ გეხება, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება