ბორჯომის ტყეში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

ბორჯომის ტყეში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში განახლდა. ვერტმფრენები პროცესში გამთენიისას კვლავ ჩაერთვნენ. ამ ეტაპზე მუშაობს ორი ვერტმფრენი – საქართველოსი და აზერბაიჯანის.

ადგილზე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან დამატებითი საჰაერო აპარატების ჩაფრენას ელოდებიან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებულია 320-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ცეცხლთან ბრძოლა ბორჯომის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

მძიმე ტექნიკის საშუალებით ტყეში რამდენიმე გზა გაიყვანეს, რათა ცეცხლი ტყის მასივის სხვა ნაწილზე არ გავრცელდეს. 10 კილომეტრზე მეტი მონაკვეთია გაჭრილი იმისთვის, რომ ცეცხლმა გავრცელება ვერ შეძლოს.

ცეცხლი ამ დრომდე ლოკალიზებული არ არის. ადგილზე ამ დრომდე რჩება ასეულობით მაშველი, ასევე მძიმე ტექნიკა.

„ეს იყო მაქსიმუმი, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა ერთ ღამეში. შეუძლებელი შეძლეს ბიჭებმა, მძღოლებმა. გარდა იმისა, რომ ღამე იყო და არაფერი არ ჩანდა, დაკვამლიანება იყო ძალიან ძლიერი და ძალიან რთული იყო მუშაობა. მონაკვეთები გაიარეს პირდაპირ ცეცხლში და ის გაჭრეს გზები. ეს არის კორიდორის გასაკეთებლად, იმისთვის, რომ ცეცხლი დარჩეს ერთ მხარეს და აღარ გადაედოს ახალ მასივებს. ამ მონაკვეთით შესაძლებელი გახდა, რომ წაღვერი, ტიმოთეს უბნის მონაკვეთი მთლიანად დაცული გვაქვს,“-განაცხადა მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თამაზ გამცემლიძემ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი 2020 წელს მარკ ცუკენბერგთან საპრეზიდენტო დუელს ელოდება
შემდეგი სტატიახანძარს წაღვერის ტყეში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ