“ბოლო ორი წელია, “გაზპრომმა” ფულად ანაზღაურებაზე კატეგორიული მოთხოვნა დააყენა”

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომსა” და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო და ყოველწლიურად ხელშეკრულებების გადახედვა ხდება.

როგორც ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია “იმედზე”, “ქრონიკის” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულებების განახლება.

“რამდენიმე წელია, “გაზპრომსა” და საქართველოს შორის მიმდინარეობს თანამშრომლობა. დაახლოებით, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ხდება ამ ხელშეკრულების გადახედვა, თავიდან გაფორმება. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გვქონდა ანალოგიური შეხვედრები, ყოველი წლის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფს უწევდა შეხვედრები და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებების გაგრძელება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, “გაზპრომთან” ხელშეკრულებების განახლებაში ძირითადად, სამუშაო ჯგუფი იყო ჩართული, რადგან ხელშეკრულებების პირობები ფაქტობრივად იგივე იყო. თავად კი აღნიშნულ პროცესში ბოლო ორი წელია რაც მონაწილეობს, რადგან “გაზპრომის” მხრიდან პირობების შეცვლის კატეგორიული მოთხოვნა იყო.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, “გაზპრომის” მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით, როგორც დღესაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. საერთაშორისო ვალდებულებებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც “გაზპრომი” ყველა ქვეყანასთან მიმართებაში აკეთებს, ანალოგიურად, საქართველოსთან მიმართებაშიც წამოაყენეს ეს საკითხი და ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავმართეთ მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ამისი თქმით, მოლაპარაკებების საგანი კონკრეტული თანხაა, რომელიც 1000 კუბურ მეტრ გაზში “გაზპრომმა” უნდა გადაიხადოს.

“მე მინდა მივიღო იგივე შემოსავალი, რასაც ვიღებდი 10% ბუნებრივი აირის შემთხვევაში, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლისა და კონვერტაციის შემდეგ, ქვეყანამ იგივე ბენეფიტი მიიღოს”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთზე დამოკიდებული