Björk-ის კონცერტის ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია

ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია. ამის შესახებ ორგანიზატორებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, კონცერტზე დასასწრები ბილეთების დიდი რაოდენობა შეძენილია სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონცერტზე დასასწრებად Björk-ის გულშემატკივრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვლენ. ამასთან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული მუსიკითა და კულტურით, შესაბამისად, კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.

„სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, „სოუ ფესტივალმა“ მოახერხა შეთანხმების მიღწევა ისეთი მაღალი დონის მუსიკოსის ჩამოყვანაზე, როგორიცაა Björk. ამ კოლაბორაციის ფარგლებში, „სოუ ფესტივალი“ წარადგენს ორ კონცერტს – ოპერისა და ბალეტის თეატრსა და თბილისის საკონცერტო დარბაზში.

საკონცერტო სივრცეები სპეციალური პროგრამის გათვალისწინებით მან თავად შეარჩია. ეს ორი სივრცე კი ჯამში 3 000 ადამიანის დასწრების საშუალებას იძლევა. კონცერტების პროგრამა ორივე დღეს იდენტურია და არის მისი უკანასკნელი ალბომიდან, სიმებიანი ვერსია, რომელიც ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა ამ ალბომისა. ამ კონცერტების მოსმენის შესაძლებლობა წელს მხოლოდ ტოკიოში მეხიკო სითისა და ლოს-ანჯელესში ჰქონდათ.

გუშინდელი დილის მონაცემებით, სტუმრებს ველოდებით უამრავი ევროპული ქვეყნიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. ეს არის ​ბიორკის ფანების გლობალური თავშეყრა. ასევე ბილეთები შეძენილია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მადაგასკარი, მავრიტანია და საუდის არაბეთი. ბილეთების დაახლოებით 20 პროცენტია დარჩენილი“, – განაცხადა SOU FESTIVAL-ის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფიგურა live-კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი არტისტს 3 ნოემბერს, 21:00-ზე უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც.

banner
წინა სტატიაშითამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის ელჩი სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილების მოსანახულებლად მივიდა