ბიძინა კუჭავას მეუღლე გამორიცხავს, რომ მისმა მეუღლემ ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ბიძინა კუჭავას მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ მისმა მეუღლემ მოკლა ვახტანგ(პაატა) ქირია და შემდეგ თავი მოიკლა. როგორც მარინა ნიკოლოზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ დასკვნა არ დაიდება, ძალიან ბევრი კითხვა იბადება.
“კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს. გამოვრიცხავ ბიძინას თვითმკვლელობას და მის ქმედებას ქირიასთან მიმართებაში. პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ”, – განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურაში დაკითხვაზე თითქმის 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გაიგო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.

“მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნდა”, -აღნიშნა ბიძინა კუჭავას მეუღლემ.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა
შემდეგი სტატიადღეს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.