,,ბიძინა ივანიშვილს ხალხთან გასასვლელად დამატებითი მანდატი არ სჭირდება”

ხადური

ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ ”ხალხთან გავიდეს”, რის შესახებაც ის ღია წერილში საუბრობს.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს.
„ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს, ნოდარ ხადური ყოფილი პრემიერის მიერ მოყვანილ მაჩვენებლებს დაეთანხმა.

„ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის საკმარისი. თქვენ ნახეთ ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ბატონმა ბიძინა მოიყვანა და ხედავთ, რომ გაზრდილია ინვესტიციების რაოდენობა. თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა, აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. იმ რთულ რეგიონსა და გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს“, – განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, რა მანდატით მიიტანს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობამდე ინფორმაციას, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებითი მანდატი არ სჭირდება.

„მან პირადად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შექმნის სათავეებთან იდგა და იმ გუნდს, რომლის ხელმძღვანელიც ის იყო, მათ შორის, როგორც პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტშიც უმრავლესობით მოვა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოქალაქეებისადმი ღია წერილი გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში“არ არსებობს სფერო, სადაც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არაა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – საქართველო პატარა, მაგრამ დინამიური ქვეყანაა