ბიძინა ივანიშვილის მიერ “სოტბის” აუქციონზე შეძენილი ფიროსმანის ნახატის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ცერემონია 27 სექტემბერს გაიმართება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის ტილოს – “შველი წყლის პირას” ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია ხვალ გაიმართება.

ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა და არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

“2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას“ იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას. ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი „შველი წყლის პირას“ 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს – ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან „თეთრი დუქნიდან“ მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა. ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული. დღეიდან „შველი წყლის პირას“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება”, – ნათქვამია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ლონდონში, “სოტბის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილმა ივნისში შეიძინა.

“სოტბის” აუქციონზე ტილო 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებაზე გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო
შემდეგი სტატიაოზურგეთში პოლიციის შენობა გაქურდეს