“ბიძინა ივანიშვილი კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს”- ოთარ სირაძე

“ამჯერად ბიძინა ივანიშვილი კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომლის მფლობელი ამერიკული კომპანიაა და რომელიც ჭიათურის მანგანუმს, ზესტაფონის ფეროსა და ვარციხე ჰესს აერთიანებს. ამ პროცესში ჩართულია სასამართლო, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრო“ – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა.
„დღეს ქართული ეკონომიკა ღრმა კრიზისშია, არ შემოდის ინვესტიციები, არ იქმნება სამუშაო ადგილები, თუმცა ყველას გვახსოვს ქართული ოცნების ცრუ დაპირებები ბიზნესის აყვავებაზე, საწარმოების აგუგუნებაზე, მილიარდობით ინვესტიციებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე. სინამდვილეში კი, მთავრობის არაფორმალური მმართველი ოლიგარქი ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის, კახა კალაძისა და სხვების მეშვეობით, დაკავებულია ბიზნესების მაფიოზური გზით წართმევაში და მათი ხელში ჩაგდებით.

დღეს წარმოგიდგენთ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მაგალითს, რომლზეც მოდის ქვეყნის ექსპორტის 20% და რომლის მფლობელი ამერიკული კომპანია „ჯორჯიან ემერიქან ელოიზია“. მას განხორციელებული აქვს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში, დასაქმებული ჰყავს 5 500 თანამშრომელი, რომელიც აერთიანებს სამ კომპანიას – ჭიათურ მანგანუმს, ზესტაფონის ფეროს და ვარციხე ჰესს. იგი წარმოადგენს სტრატეგიულ კომპანიას. ამ მიმზიდველობამ, როგორც ჩანს დიდი ინტერესი გაუჩინა ივანიშვილს და მისი ხელში ჩაგდება მოინდომა, რასაც ის მთელი რიგი სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობით ახორციელებს. სასამართლო, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო – ყველა ეს უწყება დაკავებულია ამ კომპანიისთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნაში.

თავდაპირველად, აბსურდული ეკოლოგიური ბრალდებით, კომპანია ჯერ დააჯარიმეს 480 მლნ. ლარით, ხოლო შემდეგ ამ მოტივით კომპანიაზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 192-ე(ლიცენზიის პირობების დარღვევა), იმ დროისთვის უკვე ამნისტირებული მუხლით. ეს ეხება ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეულ ზიანს, მაშინ როდესაც ანალოგიურ საქმიანობას ეწევა „არემ-ჯი გოლდი“, თუმცა იქ შემოწმებაზე არავინ შედის, რადგან იქ ივანიშვილის ინტერესია, ან თუნდაც ნებისმიერი სამშენებლო კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობაზეა დაკავებული. ეს არის შერჩევითი მიდგომა სასურველი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, როგორც მოხდა თბილგაზში, სადაც კალაძის სანათესაო მართავს კომპანიას და რისი მცდელობაც იყო რ2-ში.

ამის შემდეგ, შპს „ჯორჯია მანგანეზ“-ს დააკისრეს საგადასახადო ჯარიმა 200 მლნ. ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სასამართლო დავები, რომლის სანდოობასაც კომპანია ეჭვის ქვეშ აყენებს და ემზადება საერთაშორისო არბიტრაჟში გასასაჩივრებლად. დიდი ალბათობით ეს დავა დასრულდება კომპანიის სასარგებლოდ, რაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს დაუჯდება ძვირი, ხოლო ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დაზიანდება. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა დაიკმაყოფილოს თავისი ხარბი სურვილები.

ბოლოს უკვე სახელმწიფომ ამ მოტივების გამოყენებით კომპანიას დაუნიშნა დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანის სახით, რომელიც წარმოადგენს გიორგი კაპანაძის ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო თავად კაპანაძე კი მეტსახელდ „რიჟა“ წარმოადგენს ოთარ ფარცხალაძესთან და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ეს კაპანაძე მართავდა ზესტაფონის ფეროს შევარდნაძის დროს, ის წარმოადგენდა ნუგზარ შევარდნაძის კლანს, რომლებმაც გაკოტრებამდე მიიყვანეს კომპანია. ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ ვიდრე ივანიშვილი ავანსცენაზე გამოიყვანდა ქიბარ ხალვაშს რ2-ს საქმესთან დაკავშირებით, იგი სწორედ კაპანაძის მეშვეობით ცდილობდა რ2-ს ხელში ჩაგდებას.

ეს არის კლასიკური მაგალითი მაფიოზური სქემით ბიზნესის წართმევისა, არაფორმალური მმართველის მიერ სახელმწიფოს გამოყენებით, ხოლო ამ მაფიოზური სქემის შემსრულებელი და ზედამხედველი არის ოდიოზური ფიგურა ოთარ ფარცხალაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ამ უკანონობაშია ჩართული, ასევე შეწყდეს ზეწოლა ბიზნესზე და კონკრეტულად შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“.- განაცხადა ოთარ სირაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა გადაეცა
შემდეგი სტატიაირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს