ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

“ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულ ფარიდ გ.-ს ბრალად ედებოდა შეკვეთით განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. მასვე, ბრალად ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. ბრალდებულ ოლეგ დ.-ს კი გამოძიება შეკვეთით, განზრახ მკვლელობაში დახმარებას ედავებოდა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული პირები, მკვლელობამდე 2 თვით ადრე, თბილისში, კიევიდან ჩამოფრინდნენ და დაიწყეს მზადება შეკვეთის სისრულეში მოსაყვანად. მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საქმიანი შეხვედრიდან შინ დაბრუნებული ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ფარიდ გ. და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც მას მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ფარიდ გ.-მ შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელიც მოგვიანებით ამოიღო გამოძიებამ.

საქმეზე სასამართლო განხილვა ბრალდებულების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლო განაჩენით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულებს ფარიდ გ.-სა და ოლეგ დ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ძებნილი პირების მიმართ, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებულები მოითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე და ნინო ანანიაშვილი ქუთაისში დრამატული თეატრის ახალი სეზონის გახსნას დაესწრნენ
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლთან ფერეიდნელები საპროტესტო აქციას მართავენ