ბესელია: თუ პროკურატურა იმ ფაქტებს გაასაჯაროვებს, რაც გააჩნია, სპეკულაციების სურვილი ბევრ ადამიანს გაუქრება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპონენტების საპაუსოდ აცხადებს, რომ ცრუ განცხადება არავის გაუკეთებია და სჯობს, საზოგადოება გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

ბესელიამ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ის საქმე არ არის, რომლითაც შეიძლება პოლიტიკური კამპანია და დებატები გაჩაღდეს.

„ის განცხადებები, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა, ზუსტად იმ ვითარებისა და რეალობის გათვალისწინებით გაკეთდა, რაც ამ განცხადებების გაკეთებას წინ უძღოდა. იგივე შემიძლია დღეს გაგიმეოროთ. შოკისმომგვრელია, როცა ცალკეულ შემთხვევებში, ცინიკურ შეფასებებს ვისმენ და იმ ადამიანებს არ ვასახელებ, ვინც ამ თემაზე არასერიოზულად საუბრობს. საქმე სერიოზულ ფაქტს, ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობას და მის უსაფრთხოებას ეხება და ამ თემების გაუბრალოება და ისეთი ცინიკური განცხადებების მოსმენა, რომ თურმე, უკაცრავად და პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა და დეპუტატებმა ბოდიში უნდა მოიხადონ, სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე განმარტებით, ბოდიში იმ ხალხმა უნდა მოიხადოს, ვინც თავს მსგავს თემაზე სპეკულაციის დაწყების უფლებას აძლევს.

„ჩემი სტატუსიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე, ცოტა იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე ამაზე ვსაუბრობ. რაც განვაცხადე, დღესაც იგივეს ვიმეორებ და საფუძველი მაქვს, როცა ასეთ განცხადებას ვაკეთებ“, – აღნიშნა ბესელიამ.

კანონმდებელის თქმით, ის ყველა დეტალზე ვერ საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ გამოძიების მიმდინარეობას უნდა დაელოდოს.

„თუ პროკურატურა იმ ფაქტებს გაასაჯაროვებს, რაც გააჩნია, სპეკულაციების სურვილი ბევრ ადამიანს გაუქრება. არც ერთ იმ განცხადებას არ უარვყოფ, რაც გამიკეთებია და საფუძველი მაქვს, როცა ამ განცხადებას ვაკეთებდი. თქვენ ხომ არ იცით, გამოძიებას რა მასალები აქვს?“, – განაცხადა ბესელიამ.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით, სემეკ-ი მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შორენა თეთრუაშვილი ქართული ეკლესიის მტრების პოზიციას წარმოადგენს