ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთი მოწმე ავარიასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს

გორის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მოწმის, ვლადიმერ მეზვრიშვილის განცხადებით, ბათუმიდან მიკროავტობუსით მგზავრები თბილისისკენ გადმოყავდა, გორთან მდებარე გვირაბიდან რომ გამოვიდა, შენიშნა, ”რომ რაღაც ხდებოდა”.

”თავდაპირველად საპატრულო მანქანის ციმციმები შევნიშნე, შემდეგ დავინახე ევაკუატორის ციმციმაც. მანქანა გავაჩერე და ვიკითხე, რა ხდებოდა. ერთ-ერთმა მძღოლმა მითხრა, რომ დაუმორჩილებელი მძღოლი იყო. დავინახე, რომ ტრაილერს ჰქონდა გზა გადაკეტილი და კიდევ, მარცხენა მხარეს იდგა ტრაილერები”,- განაცხადა მოწმემ.

პროკურორის კითხვაზე, იყო თუ რა გვირაბიდან მარჯვენა მხარეს გასავლელი დატოვებული, მოწმემ განაცხადა, რომ არ შეუნიშნავს. ”არ ვიცი, არ შემინიშნავს… გადაკეტილი ჰქონდა გზა”, – განაცხადა მოწმემ.

ბრალდების მხარის გარდა, მოწმეს კითხვები დაუსვეს ბრალდებულების ადვოკატებმაც. კერძოდ, დაცვის მხარე დაინტერესდა, როდის შენიშნა მან ტრაილერი და ამ ტერიტორიაზე ხომ არ იყო დამონტაჟებული ამრეკლი, მანათობელი მოწყობილობები, ან სატვირთოს ბოლომდე ჰქონდა თუ არა გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი.

”ტრაილერი გვირაბიდან გამოსვლიდან ასე, 100 მეტრის გავლის შემდეგ შევნიშნე. რაც შეეხება მანათობელ მოწყობილობებს, არ შემინიშნავს, თვალში არ მომხვედრია. ზუსტად არ დავკვირვებივარ ტრაილერი, ცერად იდგა თუ სწორად, მაგრამ როგორც მახსოვს, გასავლელი არ იყო. კარგად არ ჩანდა იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი. შემდეგ სხვა მანქანამ, სხვა სატვირთომ წინ წაიწია და გასავლელი რომ გამოჩნდა, გავიარე და წავედი თბილისის მიმართულებით”,- განაცხადა ვლადიმერ მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ესპანეთი, ისევე როგორც საქართველო, ერთიანი და განუყოფელია
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე – მე ვარ ძალადობის მსხვერპლი