ბელორუსის პრეზიდენტი: ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას

ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კავკასიის რეგიონში საქართველო ბელორუსისთვის პერსპექტიულ და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები 20 წელიწადზე მეტს ითვლის.

ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას დაეხმარება. ბოლო დროს, სამთავრობო კონტაქტები გააქტიურდა. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ- ბელორუსული სამთავრობოთაშორისი კომისიები. ასეთი მჭიდრო ურთიერთობები გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროში.

ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა, 2016 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 5 წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს ტვირთბრუნვა უკვე 110 მილიონს უახლოვდება. ამ მთიან და მზიან რეგიონში ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ნაწარმს, ძალიან კარგად მუშაობს ასევე პროდუქტებისა და ავეჯის მაღაზიები.

პრეზიდენტთან საუბრისას ჩვენი ურთიერთობის ახალი სპექტრი განვიხილეთ, ესაა აგრომრეწველობა, სპორტული ნაგებობების მშენებლობა და კომუნალური ტექნიკის წარმოება“,- განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ საქართველოში ღვინისა და ხილის იმპორტი გააფართოვოს.

„ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია იმაშიც, რომ გააფართოვოს ღვინის და ხილის იმპორტი. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით ბელარუსის ტერიტორიაზე ერთიანი საწარმოების შექმნაზე.

ძალიან ხშირად, საქართველოს კურორტებს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, თითქმის 30 %-ით გაიზარდა დამსვენებელთა რიცხვი, ბელორუსს უკავია მე-11 ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწვივნენ საქართველოს და როგორც ჩანს ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს მომავალშიც.

მინდა ვუთხრა ჩვენ მეგობარ ქართველებს, რომლებიც დღეს, ან ხვალ მოისმენენ ჩემს გამოსვლას, რომ თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო. საქართველოს 15 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა ბელორუსში ფაშიზმთან ბრძოლაში და ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას.

თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმებისათვის – ქართველი ხალხისათვის“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პრესკონფერენციის შემდეგ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ბელორუსის პრეზიდენტს: თქვენი ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ტურისტების რიცხვი გაიზარდა
შემდეგი სტატიასამშაბათს სინოდის სხდომა ჩაინიშნა