BBC: სირიაში, შესაძლებელია, საერთაშორისო კონფლიქტი დაიწყოს – ვინ არიან მისი მონაწილეები

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 09:38

BBC: სირიაში, შესაძლებელია, საერთაშორისო კონფლიქტი დაიწყოს – ვინ არიან მისი მონაწილეები

სირიის კონფლიქტი, ეს პირველ ყოვლისა სამოქალაქო ომია, სადაც, გაეროს შეფასებით 400 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხუთმა მილიონმა კი ქვეყანა დატოვა. თუმცა, ამავე დროს სირია თეატრი გახდა ე.წ. მესამე ქვეყნებს შორის, სადაც ძალიან ჩახლართული სცენარი ვითარდება, რომლის ფარგლებში ზოგჯერ ძველი მოკავშირეებიც კი ებრძვიან ერთმანეთს სხვისი ხელებით.
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან არა ერთხელ ჩარეულან უცხოელი მოთამაშეები, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა მათი მონაწილეობა ღია და პირდაპირი გახდება – “ბიბისი” წერს თავის ანალიტიკურ სტატიაში.

უკანასკნელი დღეების მანძილზე ჩვენ გვესმის სამხედრო რიტორიკა სირიის კონფლიქტის სხვადასხვა მხარის მიერ – ერთმანეთს აფრთხილებენ მოსკოვი, ვაშინგტონი და თეირანი.

კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება ისეთი შორი ჩანს, როგორც არასდროს. მაგრამ თუკი უცხოელი მოთამაშეები სირიასთან სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ შევლენ, როგორი სცენარი შეიძლება განვითარდეს?

სირიის კონფლიქტის ფონზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირიდან ვლადიმირ პუტინს სახალხოდ აკრიტიკებს ბაშარ ასადის მხარდაჭერისა და ქალაქ დუმაში ქიმიური შეტევის გამო. ოთხშაბათს ტრამპმა პირდაპირი სამხედრო მუქარა დაწერა საკუთარ “ტვიტერზე”, რომ რუსეთი უნდა მოემზადოს ამერიკული დარტყმებისთვის სირიაში. “რუსეთი პირობას დებს, რომ ჩამოაგდებს ნებისმიერ რაკეტას, რომელსაც სირიაში გავუშვებთ. მოემზადე, რუსეთო, ისინი მოფრინდებიან, ისეთი ლამაზები, ახლები და “ჭკვიანები”! შენ არ უნდა იყო პარტნიორი -საქონლის-გაზით-მომწამვლელის, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს” – დაწერა ამერიკელმა ლიდერმა თავის “ტვიტერზე”. მოგვიანებით მან კიდევ ერთი, უფრო ლმობიერი ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც შეიარაღებული რბოლის შეჩერებაზე იყო საუბარი.
ასადის რუსული მხარდაჭერა გულისხმობს რუსი სამხედროების სირიის ავიაბაზებზე განთავსებას. ოთხშაბათს გავრცელდა, რომ აღმოსავლეთ გუტაში 12 აპრილიდან რუსების სამხედრო პოლიცია იმორიგევებს.

პრეზიდენტმა პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბარში თქვა, რომ დაუშვებელია სირიაში “სპეკულაცია და პროვოკაცია”. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა მინიშნება გააკეთა “ყველაზე მძიმე შედეგებზე” სირიაში ამერიკელების შესაძლო სამხედრო თავდასხმის შემდეგ.

აშშ-ს კოალიციასთან სამხედრო შეტაკებები უკვე მოხდა სირიაში, რომლის შედეგადაც რუსი დაქირავებული სამხედროები დაიღუპნენ.

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ირგვლივ თებერვლის დასაწყისიდან დიდი ხმაური ატყდა. დაჯგუფება სირიაში აშშ-ს კოალიციამ დაბომბა. ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია კრემლს.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, 2018 წლის 7 თებერვალს დაჯგუფება, რომლის წევრები რუსებიც იყვნენ, დეიპ-ეზ-ზორის ერთ-ერთი პროცინციის დაკავებას ცდილობდა მდინარე ევფრატის მახლობლად. ამ რაიონს “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებენ, ამბოხებულების დაჯგუფება, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.

13 თებერვალს პენტაგონში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ჰარიგიანმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან დეტალურად ისაუბრა 7 თებერვალს მომხდარი ამბების ამერიკულ ვერსიაზე. მისი თქმით, 7 თებერვალს, საღამოს, საერთაშორისო კოალიცია, აშშ-ს მეთაურობით ამბოხებულებს მდინარე ევფრატთან პოზიციის დაბრუნებაში ეხმარებოდა. გენერლის თქმით, თავდასხმამდე მოწინააღმდეგემ არტილერია მზაობაში მოიყვანა, მათ შორის, ტანკები, ნაღმმტყორცნები და სხვა. სროლების მიმდინარეობისას პოზიციისკენ ჩუმად გაემართნენ დაახლოებით ერთი ბატალიონის შემადგენლობის შეიარაღებული პირები. ჰარიგიანის თქმით, ამ მომენტში ავიაცია ჰაერში იმყოფებოდა, მათ შორის უპილოტო MQ-9 და გამანადგურებელი F-22, რომლებიც სადაზვერვო სამუშაოებს ასრულებდნენ. გენერლის სიტყვებით, ამერიკელები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სირიაში რუს მეთაურებს და თავდასხმაზე მოუყვნენ. საუბრის დეტალები, შედეგები და რუსი სამხედროების რეაქციაზე გენერალს არ მოუყოლია, მხოლოდ აღნიშნა, რომ რუსებთან ოპერატიული მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.
რუსებთან საუბრის შემდეგ, გააგრძელა გენერალმა, კოალიციამ თავდასხმა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობდნენ გამანადგურებლები F-15E, უპილოტო MQ-9, სტრატეგიული ბომბდამშენი B-52, ასევე, ე.წ. “განშიპი” AC-130 და AH-64 Apache ტიპის ვეტმფრენები.
გენერლის თქმით, ჰაერიდან წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა და რომლის შედეგადაც განადგურდა მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემა და ტანკები. ამის შემდეგ, ჯეფრი ჰარიგიანის თქმით, თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. მან თქვა, რომ არ იცის ვინ იყო თავდამსხმელების ჯგუფში, კერძოდ, იყვნენ თუ არა იქ რუსები.
თავის მხრივ, სხვადასხვა უცხოური და რუსული მედია ირწმუნება, რომ დაჯგუფებაში იყვნენ რუსები და რომ დაღუპულთა რაოდენოდა 11-დან რამდენიმე ასეულამდეა.

რუსეთს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია – ფორმალურად, კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთის ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, განაცხადა, რომ 7 თებერვლის თავდასხმის შედეგად 25 სირიელი დაიჭრა და რომ დაშავებულთა შორის რუსები არ არიან. სამინისტროს ვერსიით, აშშ-ს მიერ მხადრაჭერილ დაჯგუფებას თავს არავინ დასხმია და რომ დაჯგუფება, რომელიც აშშ-ს ავიაციამ დაბომბა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” “მიძინებული დაჯგუფების” წინააღმდეგ ატარებდა ოპერაციას. ამასთანავე, უწყების თქმით, აშშ-ს მიერ დაბომბილ დაჯგუფებას ოპერაციის შესახებ რუსული მხარისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

“კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი” – არაფორმალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც დონბასში, ექსტრემისტების მხარეს იბრძოდა.
2016 წელს “ვაგნერის” წევრები რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ – შესაბამისი ფოტოც გავრცელდა.
მოსკოვი უარყოფს იმას, რომ სირიაში კერძო სამხედრო კომპანიები იბრძვიან. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ოფიციალური დანაკარგი სირიაში 40 სამხედრო მოსამსახურეა. Reuters-ის დათვლით, მხოლოდ 2017 წელს სირიაში 131 რუსი დაქირავებული სამხედრო მოკლეს.

გეოპოლიტიკური კუთხით სირია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის. მოსკოვისთვის სირია სახმელეთო “ხიდია” ხმელთაშუაზღვაში გასასვლელად, ამასთანავე, ასადის მხარდაჭრით, რუსეთი თავის უპირატესობას ამტკიცებს რეგიონში, სადაც აშშ-ს აქვს დიდი გავლენები.

თავდაპირველად, ვაშინგტონი სირიის ოპოზიციას უჭერდა მხარს, შემდეგ ყურადღება გადაიტანა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე. დონალდ ტრამპის პერიოდში ვაშინგტონი გადაერთო რეგიონში ირანის გაძლიერების შეჩერებაზე. ირანი ასადს უჭრს მხარს, ასევე, ასადს აწვდიდა ცოცხალ ძალას და მატერიალურ დახმარებას უწევდა “მარიონეტულ არმიას”.

ისრაელი, იმის მიუხედავად, რომ სირიის ობიექტებს ბომბავს, კონფლიქტში საკუთარ როლზე სახალხოდ არ საუბრობს. ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა თებერვალში დაიძაბა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის უპილოტო დაიჭირა თავის საჰაერო სივრცეში, რომლის საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ძალებმა სირიისა და ირანის პოზიციებზე მსაშტაბური შეტევა განახორციელეს. ოპერაციის დროს ისრაელის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ითვლება, რომ 1982 წლის ისრაელ-ლიბანის ომის შემდეგ ეს ისრაელის პირველი დანაკარგი იყო. ორივე მხარე ერთმანეთის მისამართით კატეგორიული გაფრთხილებებით გამოვიდა სირიაში ოპერაციების შესახებ. გასული წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ ლონდონში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანს იმის უფლებას არ მისცეს, რომ სირია დაიმორჩილოს. “მათ უნდათ სირიაში განათავსონ თავიანთი ავიაბაზა, თავიანთი გამანადგურებლები, ისრაელიდან ერთი წამის მანძილზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ” – განაცხადა პრემიერმა. გასულ კვირას ერთმა ირანელმა აიათოლამ აჰმად ჰატამიმ განაცხადა, რომ “ჰესბოლას” ისრაელის ქალაქების განადგურება შეუძლია. ირანს სირია იმიტომ უნდა, რომ “ჰესბოლას” მეომრებს ლიბანში იარაღი მიაწოდოს ისრაელთან საბრძოლველად. თუმცა, ირანისთვის სირია, ასევე არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ, არამედ, რეგიონში მთავარი ოპონენტის, საუდის არაბეთის წინააღდეგ მოკავშირეა.

ამერიკის სირიის კონფლიქტში მონაწილეობა ვაშინგტონი მისი ერთ-ერთი მოკავშირის მოქმედებების გამო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა – საუბარია ნატოს წევრ თურქეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სირიაში 2 ათასი ამერიკელი სამხედროა, აშშ მოკავშირეებს ძირითადად ავიადარტყმებით ეხმარება, ასევე, ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა ამბოხებულებს სამხედრო წვრთნებს უტარებენ, მათ შორის, ქურთებს, რაც თურქების უკმაყოფილებას იწვევს – ისინი ქურთულ სეპარატიზმს წლებია ებრძვიან. ამიტომ, ვაშინგტონის იანვრის განცხადებაზე, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით საზღვრის დასაცავად სამხედრო დაჯგუფების ფორმირების შესახებ, თურქეთმა სამხერო ოპერაცია დაიწყო ქურთების წინააღმდეგ. ახლა ნატოს მოკავშირე ქვეყნები არაპირდაპირი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 09:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics