“ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლუკა კურტანიძე მის კოლეგას, ზაქარია ქუცნაშვილს საგაზეთო ინტერვიუს გამო აკრიტიკებს.

როგორც ლუკა კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ზაქარია ქუცნაშვილმა ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„პარლამენტარს და ჩემს კოლეგას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, შევახსენებ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი. მეტიც, ერთი სისხლი და ხორცი და ერთი სიცოცხლე დავდეთ ერისკაცის ლიდერობით, სამშობლოს გადასარჩენად. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შიგნით, გუნდში კომუნიკაციით, მსჯელობით, თუნდაც კამათით უნდა შევაჯეროთ და ამის შემდეგ ქვეყნის საკეთილდღეოდ სააშკარაოდ გამოვიტანოთ. ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ „ალიაში“ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია თითოეული თქვენი თანამებრძოლისა თუ გუნდის წევრისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში იდეის, სამშობლოს გადარჩენისა და უკეთესი მომავლისთვის გაერთიანდა და არა ხელფასის, ან სხვა პრივილეგიების გამო. ვეთანხმები, რომ ამ მხრივ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია, მაგარმ ეს შეიძლება, ბატონო ზაქრო, რამდენიმე წლით ადრე გაგხსენებოდათ და არა ახლა რამდენიმე თვით ადრე, როდესაც არჩევნები წინ მოგვადგა. ნუ ეძებთ უკეთეს თანამებრძოლებს, როგორც თქვენ აღნიშნავთ ამ ინტერვიუში, რადგან ამ გუნდმა მოგიყვანათ დღეს, სადაც ხართ. ამათზე უკეთესს ვერ იპოვით, რადგან ყველა თავის საქმის პროფესიონალია და კრიტიკულ დროს, ბრძოლის დროს ყველანი უღალატონი არიან. ამ გუნდთან თქვენ არ გიმსჯელიათ, არ გიკამათიათ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ამის მიუხედავად, თქვენ სააშკარაოდ გამოიტანეთ ამა თუ იმ პარლამენტარის ასე ვთქვათ, ავკარგიანობა, სააშკარაოზე გამოიტანეთ ამ ადამიანებზე განკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი გეთანხმებათ ამ საკითხზე. ამიტომ მე მინდა უბრალოდ გითხრათ, ვიცი, რომ სადაც არ უნდა იყოთ ამ ჩემს განცხადებას მოისმენთ, შესაძლებელია მე ვარ ძალიან მკაცრი ამ შეფასებაში, მაგრამ როდესაც ეხება ღირსებას, ეხება თანამებრძოლების ღირსებას, შესაძლებელია უფრო მკაცრიც ვიყო. ერთ ქართულ ანდაზას შეგახსენებთ – „დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო“. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ თითოეულ თანამებრძოლს გაუფრთხილდით და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ბრძოლა ღირსეულად მოიტანა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია მალიში ოპერაციისთვის 650 სამხედროს აგზავნის
შემდეგი სტატიამერკელი: სუ-24 ჩამოგდებამ სირიაში სიტუაცია დაამძიმა