ბათუმში ჩადენილი მკვლელობისთვის ა.ფეტიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ფეტიძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე არჩილ ფეტიძემ, ადრე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, „ტოიოტა“-ს მარკის ავტომანქანაში საჭესთან მჯდომ ირაკლი აბუსერიძეს, უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის, მუცლისა და კიდურების არეში 7 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა ირაკლი აბუსერიძე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაზიანდა ირაკლი აბუსერიძის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა.
სამართალდამცველებმა არჩილ ფეტიძე 16 მაისს ქ. ბათუმში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 0,26 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი აღმოაჩნდა. არჩილ ფეტიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არჩილ ფეტიძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. “- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიასერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში თანამდებობებზე აღადგინეს