ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ბათუმის „ტელეარხი 25“-მა და თბილისურმა ტელეკომპანია „ობიექტივმა“ კომერციული ხელშეკრულება გაწყვიტეს, რის შედეგადაც, 1 მარტიდან რეგიონული ტელევიზიის ეთერში „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა.
„ბოლო, ერთწლიანი ხელშეკრულების ვადა ოქტომბერში იწურებოდა, თუმცა ის თებერვალში ურთიერთშეთანხმებით შეწყდა“, – განმარტავენ ბათუმის ტელევიზიაში.
რეგიონული ტელევიზია „ობიექტივს“ დღეღამის განმავლობაში 18-საათიან საეთერო დროს უთმობდა. ბოლო ხელშეკრულებით, „ობიექტივი“, რომელიც ავტორიზებული კომპანიაა და თავის სამაუწყებლო არხზეც გადის, ეთერის დათმობის სანაცვლოდ, რეგიონულ ტელევიზიას თვეში 7 ათას აშშ დოლარს უხდიდა.
გია სურმანიძემ განაცხადა, რომ 1 მარტიდან საეთერო ბადეს მუსიკით, ფილმებით და საკუთარი პროგრამებით შეავსებენ.