ბაკურ ბაკურაძე: „დემოკრატიული მოძრაობა“ სამი დეპუტატის წასვლით არ ზარალდება

„დემოკრატიული მოძრაობა“ სამი დეპუტატის წასვლით არ ზარალდება, ამის შესახებ ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” პრეს-სპიკერმა ბაკურ ბაკურაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს პარტიის ყოფილი წევრების გადაწყვეტილებაა.

„წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით საქართველოში, ყველა პარტიაში ხდება ისეთი რამ, რაც ჩვენს პარტიაში მოხდა. საბედნიეროდ, ჩვენი პარტია აქამდე იყო ერთადერთი პარტია, სადაც სიის ფორმირების პროცესში ასეთი რამეები არ ხდებოდა. თუმცა ჩვენც შევუერთდით იმ პარტიათა რიგს, სადაც ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ეს არის ჩვენი პარტიის ყოფილი წევრების გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, მათ წინასაარჩევნოდ სიის ფორმირების პროცესში ნერვებმა უმტყუნათ. ჩვენ მათ ვუსურვებთ წარმატებას.

როგორც პარტიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, პარტია არ ზარალდება და აგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას.

„რა თქმა უნდა, პარტია არ ზარალდება, პარტია აგრძელებს თავისი დღის წესრიგით მუშაობას. ჩვენ გავდივართ, როგორც რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, ღია წინასაარჩევნო პერიოდში და ვაპირებთ, რომ ჩვენს ამომრჩევლამდე მივიტანოთ ყველა ის მთავარი გზავნილი ჩვენი პროგრამიდან, რომელიც მომზადებული გვაქვს იმისთვის, რომ 8 ოქტომბერს გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

ბაკურაძის თქმით, პარტიაში განხეთქილების თემა უბლოკო სტატუსი ვერ იქნებოდა.

„ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით პარტიამ განაცხადი ორი თვის წინ გააკეთა. ასე რომ, ეს მიზეზი არ არის. თბილისის საკრებულოს, სამივე დეპუტატი, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოში წარმოადგენს დემოკრატიულ მოძრაობას, არის პარტიული სიით გასული. მათ მიიღეს პარტიის ხმები, არცერთი მათგანი არ არის მაჟორიტარი დეპუტატი. ასე რომ, პოლიტიკური მორალიც და ადამიანური მორალიც მოითხოვს იმას, რომ მათ უნდა დატოვონ საკრებულო, იმიტომ რომ ისინი პარტიის ხმებით არიან მოხვედრილნი. შემდგომში, მათ ადგილს დაიკავებს ის, ვინც სიის მიხედვით მოდის“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: დიახ, ჩვენ ვართ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატიაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოთქვამს