ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწეს აღსაზრდელზე ძალადობისთვის პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ე.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ორი ეპიზოდი).

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ.-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ძალადობა განახორციელა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ ე.ჯ-მ 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე.ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ე.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლითა და ექვსი თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ფაშისტებმა რუსთაველზე მსვლელობა დაიწყეს
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა : ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ