ბადრი გოგია: რა დაგვიბრუნებს აფხაზეთ-სამაჩაბლოს ?

4,5 მილიარდად (ეს თანხა გრანტ-სესხის სახით შემოუვიდა სააკაშვილს აგვისტოს ომის მერე) გაყიდული ტერიტორიების დაბრუნება აწი მხოლოდ რუსებთან გარიგებით თუ მოხდება (ადრეც მხოლოდ ეს იყო გამოსავალი). სწორედ ამ ჩუმად გაყიდული ტერიტორიების დაბრუნებისთვის გულანთებულად იბრძოდნენ ჩვენი გმირები და სწორედ ამ გაყიდული ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნების მიზნით მტერთან გასარიგებლად ჩავიდა აფხაზი ადა მარშანია და მისი პარტია და დაიმსახურა (ძირითადად) მიშას მომხრეთაგან გინებები, შეურაცხყოფები და ლანძღვა-მუქარა.

მიშას მისსია იყო აფხაზეთ-სამაჩაბლოს მოშორება. ზვიადი კი არ იშორებდა და სწორედ ამას გადააყოლეს. გაპრეზიდენტებისთანავე მიშამ დაიდო ალიბი გულუბრყვილო ერის დასაბნევად და ასე განაცხადა : დასავლეთელი მეგობრები მირჩევენ აფხაზეთ-სამაჩაბლოს მოშორებას და ნატოში შესვლასო, მაგრამ მე მათ ვუპასუხე, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად შევალო ნატოში ! რჩევაც როგორც იქნა შეასრულა და მერე ყველაფერი პუტინს გადააბრალა, ამას პუტინი მაინც იზამდაო, ვინც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტიო.

არადა 200 წელი რუსეთი ასეა თუ ისე ცნობდა აფხაზეთ-სამაჩაბლოს საქართველოდ, ხოლო როცა ბუქარესტის სამიტმა განაცხადა, საქართველოს ნატოში აუცილებლად მივიღებთო, პუტინმა გვიპასუხა – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდესო, რაზეც სააკაშვილი 2008 წლის ივლისში აცხადებდა : რუსეთი მაინც ვერ გაბედავსო აფხაზეთ-სამაჩაბლოს ცნობას (არადა, იმავდროულად ჩვენ ვამბობდით, რომ გაბედავდა).

აშკარაა, სააკაშვილს აწყობდა და სურდა კიდეც, რათა რუსეთს მიეტაცა და ეცნო ეს ტერიტორიები, რათა რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსი მიენიჭებინა, ხოლო დასავლეთს კი დაჩაგრული საქართველოსთვის და მისი გმირი პრეზიდენტისათვის მილიარდები გამოეყო. ასეც მოხდა. ომის დროს ჩამოწერილ და ოფშორულად გაყიდულ სამხედრო ტექნიკაზე არაფერს ვამბობ, ასევე გარიგებულ აუქციონებსა და 1 სიმბოლურ ლარად შესყიდულ მილიონიან შენობებზე, რამაც სააკაშვილის ახლო გარემოცვა მილიარდელებად აქცია.

აშ შტატებმა ფსონი დადეს სააკაშვილსა და ბიძამისზე, ყოფილ საბჭოთა აგენტზე, რამაც განსაკუთრებიით გააღიზიანა პუტინი და გადაკიდა საქართველოს. პრეზიდენტი მედვედევის განცხადებით, ის უცდიდა სააკაშვილის ზარს, ტელეფონი კი დუმდა. ხოლო ტელევიზია უჩვენებდა კონდოლიზა რაისის გახშირებულ ვიზიტებს თბილისშიო.
რასმუსენის აღიარებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ საბაბი მისცა რუსეთს დაეწყო აგვისტოს ომი, მით უფრო, რომ, როგორც ვიცით ტელიავიდის კომისიის დასკვნიდან, სააკაშვილმა “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით” მეტოქეების ცხელ წერტილებს საპასუხო გრადები ესროლა, რაც BBC და CNN ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს კიდეც. ამას მოჰყვა რუსეთის მიერ ცხინვალში გაგზავნილი 2000 კუბოს მედიატიზაცია და განცხადებები ქართულ ფაშიზმზე.
სააკაშვილის მიზანი იყო რუსეთს ეცნო აფხაზეთ-სამაჩაბლო და ეს აქედანაც ჩანს : სარკოზის დოკუმენტის ხელმოწერისთანავე (მას ხელი მოაწერეს : სარკოზიმ, მედვედევმა, ბაგაფშმა და კოკოითმა. სააკაშვილმა კი სახეშეცვლილ დოკუმენტს მოაწერა ხელი) ლავროვმა განაცხადა, რომ ამიერიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ერთი პიროვნებაო. ეს “ერთი პიროვნება” გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, დამარცხებული, მიწაზე მფოფხავი, დაშინებული, ჰალსტუჰიჭამია მთავარსარდალი, რომელიც არ გადადგა. რუსებს კი თავიანთი გამარჯვების რაიმე ფორმით მატერიალიზაცია და სიმბოლიზაცია სჭირდებოდათ და რადგან ვერ მიაღწიეს სააკაშვილი მოეშორებინათ ტახტისთვის (რომელიმე მისი თანაგუნდელის სასარგებლოდ), სცნეს კიდეც აფხაზეთ-სამაჩაბლოს დამოუკიდებლობანი. ეს კი სწორედ ის იყო, რაც სურდა სააკაშვილს და მის დამფინანსებელ აშ შტატებს, რომელნიც ამერიკული და ნატოს ბაზების საქართველოში განთავსებას მხოლოდ ანტიამერიკელი ოს-აფსუა ტერორისტ-კამიკაძეების საქართველოდან მოშორების შემთხვევაში გეგმავდნენ და გეგმავენ. დიახ, აშ შტატებს “სუფთა” საქართველო სურთ თავიანთი ბაზების განსათავსებლად და არა ოს-აფსუა კამიკაძეებიანი საქართველო.
რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსებს? აი, იმიტომაც უნდა ველაპარაკოთ, რომ დავადგინოთ, თუ რაზე უნდა ველაპარაკოთ. “პატრიოტების” მოსკოვური ვიზიტიდან გაირკვა, რომ შეხების ბევრი წერტილი გვქონია, მაგალითად, საფლავების მონახულება დევნილთა მიერ. ესეც საქმეა პირველ ეტაპზე, აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების რთულ გზაზე.

მიშას ჩიხისტური ლოზუნგი კი ესაა : ჯერ დეოკუპაცია, მერე კი მოლაპარაკებაო ! არადა კარგად იცის, რომ ესაა ჩიხი, რომ გამარჯვებული მხარე დებს ულტიმატუმს და არა დამარცხებული და რომ რუსი 1000 წელი არ გავა მიშას მუშტის მაგიდაზე ბრახუნის შიშით ! მას მერე, რაც მოსკოვში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მიშას არ დაველაპარაკებითო თქვეს, მიშამ შექმნა რუსების მოულაპარაკებადობის თეზისი, რათა არ გამოჩნდეს ვინმე სხვა ქართველი (ქართველები), ვინც დააბრუნებენ მიშას მიერ გაყიდულს ! მაშ ასე, სინამდვილეში მოულაპარაკებადნი მიშა და მიშისტები არიან და აგერ ისტერიკებით და დედაზე გინებებით ამტკიცებენ კიდეც :არ გვინდა რუსებთან მოლაპარაკებაო ! იმიტომ არ უნდათ რუსებთან მოლაპარაკება, რომ მშვენივრად იციან, რაღაც გამოვა. ეს კი ისაა, რაც არა და არ უნდათ. და თუ მოლაპარაკება არ გამოვა, ეს ხომ მთლად უკეთესი იქნება ამათთვის ?! ექნებათ კიდეც “არგუმენტი”. მაგრამ ეშინიათ, რომ რაღაც გამოვა და ამიტომაა სიმწრით კედლებზე დადიან, ეს ხალხი მართლა დააბრუნებს ჩვენს ტერიტორიებს და რა გვეშველებაო…
ადა მარშანიას ერთმა მიშისტმა დაუწერა კედელზე : 30 ვერცხლად გაყიდე საქართველოო ! 30 ვერცხლი კი არა, 4,5 მილიარდი დოლარი გრანტი და იაფპროცენტიანი სეხხი მიიღო მისმა მიშამ აგვისტოს ომის მერე, როცა პუტინს ლანგარზე მიართვა კოდორის ხეობა, ახალგორი 200 ქართული სოფლით. სწორედ ეს ტერიტორიები აკლდა პუტინს აფხაზეთ-სამაჩაბლოს საცნობლად. გაუხერხა კიდეც.
მტერს ბაბაიას არ დავუძახებთო, გაიძახიან მიშისტები ! კი ბატონო, არ დაუძახო ბაბაია, მაგრამ ისე მოიქეცი, რომ მტერი მოყვარედ აქციო ! მაგრამ ეს არ თავსდება აშშ ელჩის ინსტრუქციებში. ვიეტნამის “ომისშემდგომი სინდრომით” დასნეულებულმა მაკკეინმაც შეუნთო სააკაშვილს და აომა კიდეც რაგატკებით რუსებთან, ასე გაუსწორდა მაკეინი 50 წლის წინანდელ კომუნისტებს, ვისთანაც შეურაცხმყოფელ ალყაში მოხდა და, როგორც ირკვევა, ჩააბოზებინეს კიდეც თანამებრძოლეები. დღეს ამიტომ ებრძვის ვიეტნამელების მოკავშირე კომუნისტ რუსებს. საომარ პოლიგონად საქართველო არჩია. შედეგები ვიცით : ჩვენთვის კატასტროფული, ამერიკისთვის კი კონტრპროდუქტიული : აგვისტოს ომით რუსეთმა აღადგინა ორპოლარული მსოფლიო !
მოკლედ, რაგატკები დააყარეს ბირთვულ რუსეთს და შედეგს ვიმკით. ამ ომმა “დემოკრატიის შუქურად” აქცია სააკაშვილი და მოუხვეჭა კიდეც ქულები და ფულიც თავის ბნელ ბრბოში, რომელიც კვლავ დევნილად იქცა და კვლავ მის პოპულისტურ ლოზუნგებს და აქტებს უჭერს მხარს.
ოკუპაციის მუზეუმზეც შენიშნეს რუსებმა : იქ მარტო რუსულ ოკუპაციაზე რატომ ამახვილებთო ყურადღებას ? განა არ იყოო უფრო ადრე ბერძნული, რომაული, სპარსულ-ირანული, ბიზანტიური, არაბული, მონღოლური, თურქული ოკუპაციებიო ? დავამატებდი : ახლა კი ამერიკულიც. ამერიკული ოკუპაცია დოლარებით ხორციელდება და ეს ყველაზე უფრო საშიში ოკუპაციაა, როცა თავად ქართველს ანგრევინებენ (აწმენდინებენ) საქართველოს მის ნაშთზე უცხოური ბაზების განლაგებისათვის. ასე მოგვაშორეს ანტიამერიკელი ოს-აფსუა კამიკაძეები მიშას და პუტინის ხელით.
იმიტომაც სწევენ რუსები ბანერებს, რომ არ ველაპარაკებით. და რუსთაველზე რომ დადონ, არც (და ვერც) არავინ ეტყვის რამეს. დღეს კვლავ მიშა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, კიდევ რამდენიმე რეგიონი გვექნებოდა დაკარგული. უკრაინის ომის დროს მეორე ფრონტს გაუხსნიდა პუტინს, ისევ 4 დღიანს…
კი ბატონო, რუსები 2008 წლის 7-8 აგვისტომდეც გვირტყამდნენ და გვიკლავდნენ და რა უნდა გაგვეკეთებინა ? განა ის, რაც მიშამ გააკეთა რაგატკებით და რაც დღეს შედეგად მივიღეთ ? განა დღევანდელობა სჯობს 8-მდელ პერიოდს ?
ემოციები და ზიზღი-სიძულვილი ხელს გვიშლიან რალპოლიტიკის გატარებაში. ჩვენი პოლიტიკა გვაგონებს სიძის პოლიტიკას : “ცალ თვალს ამოვითხრი, რათა სიდედრს სიძე ჰყავდეს ცალთვალა”.
ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთთან გარიგებითაა შესაძლებელი და ეს უნდა შეიგნოს ყველა ქართველმა !

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბადრი გოგია.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს თავმჯდომარე კვართის მოსალოცად დადიანების სასახლის ეზოში ჯიპით შევიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს საქართველოში ექსტრადიცია არ აშინებს