ბაჩო ახალაია არ არის კრიმინალი, ის არის პოლიტიკური ტყვე – ანი ნადარეიშვილი

„ის არ არის კრიმინალი, ის არის პოლიტიკური ტყვე და ეს უწერია თავის მიმართვაშიც და თუნდაც, იმით აიხსნება, რომ ჯერ კიდევ არ იცის მან თავისი ე.წ. სასჯელის ათვლის დღეს და დამთავრების დღე,“ – ეს განცხადება ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა ბაჩო ახალაიას მიმართვის შემდეგ გააკეთა.

ბაჩო ახალია შეწყალების კომისიას მიმართავს, მისი შეწყალების საკითხი არ განიხილონ. ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაია მის დაკავებას „პოლიტიკურ თამაშს“ უწოდებს.

ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაიას შეწყალება არასდროს მოუთხოვია.

„ის ადამიანები, რომლებიც ბაჩო ახალაიას გამო დაიჭირეს, სამხედროებზე მაქვს ლაპარაკი, 2008 წლის ომის გმირებზე, მათმა ოჯახებმა და მეგობრებმა მიმართეს პრეზიდენტს თავის დროზე შეწყალების თხოვნით და გულცივი უარით გაისტუმრა ისინი. აქედან გამომდინარე, არ თვლის ბაჩო, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური თამაში, იმიტომ, რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება, მარგველაშვილი, სამწუხაროდ, არის მისი ნაწილი,“ – განაცხადა ბაჩო ახალაიას მეუღლე.

შეწყალების საკითხის არგანხილვასთან დაკავშირებით მიმართვა ახალაიამ ციხიდან მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა.

banner
წინა სტატიაშიზამთრის კურორტებზე 25 კვების ობიექტი დაჯარიმდა
შემდეგი სტატია37 500 ლარი პრემიებისთვის – “გამჭვირვალობა-საქართველომ” მთავარი აუდიტორის მიერ მოადგილეებისთვის გამოწერილი პრემიები დათვალა