„აზერბაიჯანმა არსად არ უნდა მოახდინოს ინტეგრირება“

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპა მუსლიმ მიგრანტებს სასტიკად ექცევა და მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აქვს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს განცხადება ზაქათალის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

საუბრისას მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპა, რომელიც მისი თქმით, „მორალურ კრიზისს“ განიცდის.

„ევროპა არ არის საკუთარი ღირებულებების ერთგული. შეხედეთ, როგორ ტანჯვას განიცდიან მიგრანტები – დევნილი მუსლიმები, მათი ღირსება კნინდება, მათთან მიმართებაში აუტანელი, მიუღებელი ნაბიჯები იდგმება. მათი ქვეყნები დაინგრა უცხოელების ჩარევის შედეგად, მათ დაკარგეს ასობით ათასი ახლობელი, მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა დევნილი და დღეს ევროპაში ეძებენ თავშესაფარს. იქ კი გზაზე უშენებენ ბარიერებს, ეკლიან ღობეებს, ექცევიან ძაღლებივით, კეტავენ გისოსებში და უყრიან საჭმელს. ასეთი აუტანელ ქმედებებს 21-ე საუკუნეში არავისთვის მოაქვს ღირსება“, – აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სანამ ევროპა ამ პრობლემებს არ გადაჭრის, მას არ შეუძლია სხვა ქვეყნებს პრეტენზიები წაუყენოს.

„სხვა მხრივ, ეს რელიგიური დაპირისპირებაა და არა მიგრაციული კრიზისი, ეს ისლამოფობიის ნიშნებია, შედეგი ბოლო წლების ანტი მუსლიმური პროპაგანდისა, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო დიდი პრობლემები და ცივილიზაციათა შორისი შეტაკება გამოიწვიოს. მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ არსად არ უნდა მოვახდინოთ ინტეგრირება. ჩვენ, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე ავაშენეთ ძლიერი სახელმწიფო, დავამყარეთ თანაბარი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან. განსაკუთრებით დღეს, დისკრიმინაციის, ისლამოფობიის პერიოდში ინტეგრაციის არანაირი აუცილებლობა არ დგას. ჩვენ ყველაფერს ჩვენით მივაღწიეთ. ჩვენ არავისგან ველით რაიმე დახმარებას, არ არსებობს ამის აუცილებლობა. დაე, ნურავინ ჩაერევა ჩვენს საქმეებში, ნუ ეცდება დიქტატურის ენით გველაპარაკოს. რაც არ უნდა მოხდეს, ასეთ მცდელობებს აზრი არ აქვს“, – განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანს, ევროპის დახმარება, არ სჭირდება.

მისი თქმით, მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, რასაც ახლა პოლიტიკური და სამხედრო კრიზისი ემატება, ასეთ სიტუაციაში კი ყოველმა ქვეყანამ სერიოზულად უნდა იფიქროს საკუთარ უსაფრთხოებაზე.

„აზერბაიჯანში უსაფრთხოება მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი. მყარდება სტაბილურობა, ძლიერდება ხალხსა და ხელისუფლებას შორის ერთობა. ბოლო საპარლამენტო არჩევნებმაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა ალიევმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 300-მდე მძღოლი გაიფიცა
შემდეგი სტატიაშსს “ალბატროსის” მფლობელს ავტომანქანის დაწვის ფაქტს ადასტურებს