ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ავსტრიაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების საუბრის თემა ევროინტეგრაცია და საქართველოსა და იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება იყო.

“ავსტრიის იუსტიციის მინისტრთან, რომელიც საქართველოს ერთგული მეგობარია, საუბარი შეეხო იმ არაერთ საერთაშორისო გამოწვევას, რომლებიც სამართლებრივ და პოლიტიკურ სფეროებში შეიძლება ჰქონდეს ევროპულ ქვეყნებს, ავსტრიას, საქართველოს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაღრმაოთ კიდევ უფრო თანამშრომლობა ახალ სფეროებში და შევჯერდით, რომ ეს ახალი სფეროები იქნება ახალი ტექნოლოგიების სფერო; ახალი ტექნოლოგიებისა, რომელსაც ავსტრია და საქართველო − იქნება ეს სასამართლო, საჯარო რეესტრი, პროკურატურა, გამოძიება − აქტიურად ვიყენებთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საუბრის კიდევ ერთი ძირითადი თემა ვიზალიბერალიზაციის საკითხები იყო. თეა წულუკიანმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ევროინტეგრაციის პროცესში.

“ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და მე მქონდა პატივი, ჩემი კოლეგისთვის მადლობა გადამეხადა ავსტრიის ერთგული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ამ გზაზე ქართველ ხალხს უცხადებს“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანთან შეხვედრა ავსტრიის იუსტიციის მინისტრმაც შეაფასა.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე და ეს თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო ინტენსიური გახდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველოდან ავსტრიაში სტუმრობა ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს მსგავსი კულტურა, მაგალითად, ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი ცხოვრობდა საქართველოსა და ავსტრიაში, 100 წელზე მეტი ხნის წინ მას არ სჭირდებოდა საქართველოდან ავსტრიაში ჩამოსასვლელი ვიზა. ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი მიმოსვლა ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოდან ავსტრიაში ჩამოსვლა სურს”, – განაცხადა ვოლფგანგ ბრანდშტეტერმა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე ითქვა, თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იყო. ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე საქართველოს ეწვევა და ავსტრიის საელჩოს გახსნას დაესწრება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, და ასეც მოვიქცევით. ველოდები, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე. მოხარული ვარ, რომ გავხსნით ჩვენს საელჩოს საქართველოში. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ ერთად სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა, რაც ძალიან მახარებს”, – აღნიშნა ვოლფგანგ ბრანდშტეტერსმა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოსა და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას ელექტრონული მმართველობის სფეროში. გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკავდება ელმმართველობის, ელექტრონული მთავრობის საკითხებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ავსტრიასა და საქართველოში მმართველობის სფეროში.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: განათლების მინისტრის ახალ კანდიდატურას საინტერესო ბიოგრაფია და განათლება უჩანს
შემდეგი სტატია“სასამართლო მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” – მოსამართელე რუსთავი 2-ის ადვოკატს